საპარლამენტო უმცირესობის წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დამოუკიდებელი დეპუტატის, "ხალხის პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატ კობა დავითაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლის თანახმად, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს სახელმწიფო თანამდებობების დაკავება უნდა აეკრძალოთ, სამარცხვინოა.
"ადამიანისგან, რომელმაც ჟირინოვსკის, ჩვენი ქვეყნის მართლაც მტერს ჩამოართვა ხელი, ასეთი ინიციატივა უბრალოდ სამარცხვინოა, თუმცა ზოგადად ვთვლი, რომ ასეთი დაპირისპირება, ასეთი სიძულვილის ენა არ არის დღეს ქართული საზოგადოების დაკვეთა. სრწორედ ამიტომ, მე იმედი მაქვს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არა ასეთ დაპირისპირებებზე იქნება მომართული, არამედ ქვეყნის დამშვიდებაზე და გამთლიანებაზე,"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, "ხალხის პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატ კობა დავითაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შესაძლოა, სახელმწიფო თანამდებობრივი შეზღუდვები დაუწესდეთ და მათ საჯარო სამსახურებში მაღალი თანამდებობების დაკავება კანონით აეკრძალოთ.