15 სექტემბრამდე თუ არ მოხდა ის, რასაც მე ვითხოვ, ივანიშვილი აღმოჩნდება ცუდ დღეში, - აცხადებს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი ზაზა ხატიაშვილი გაზეთ "პრემიერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში. მისი თქმით, დანაშაულის ფაქტების წაყრუებით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს მოსვლიდან ერთ წელში აიძულებს, დასახმარებლად მიმართოს ევროკავშირის პრეზიდენტს და სთხოვოს, არ შეუშვათ თქვენს ტერიტორიაზე, ეს კაცი სამოქალაქო საზოგადოების მტერიაო, ის პრემიერი რაღაცაზე მაინც აუცილებლად უნდა დაფიქრდეს
"15 სექტემბრის მერე მივმართავ არასამთავრობო სექტორს და დავიწყებ ხელმოწერებს განცხადებებზე, რომელსაც ნათარგმნი სახით გავუგზავნი ამერიკის კონგრესს და ევროკავშირის პრეზიდენტს. მათ ვთხოვ, რომ ივანიშვილი, შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი და მისი მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილი არ შეუშვან ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, როგორც წამებაში მონაწილე პირების მფარველები. ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ შერჩება, საარჩევნოდ უამრავი დაპირება რომ მისცა ხალხს, მერე აღარაფერი გაუკეთა და ჩუმად გაიპარება?! ეს არ მოხდება, თუმცა ჩემი აზრით, ეს კაცი წამსვლელიც არ არის. ადამიანი, რომელსაც მოუნდება, დანიშნოს უნივერსიტეტის რექტორი, არსად წასვლას არ აპირებს. ზოგი წერილებს იმიტომ წერს, რომ გული მოიოხოს, მაგრამ ყველა ჩემი განცხადება, ღია წერილი ითარგმნება და საფუძვლად დაედება იმ წერილს, რომელიც გაიგზავნება ევროკავშირის პრეზიდენტის სახელზე. როცა მოქმედი პრემიერ-მინისტრი, თავისი უმოქმედო საქციელით, დანაშაულის ფაქტების წაყრუებით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს მოსვლიდან ერთ წელში აიძულებს, დასახმარებლად მიმართოს ევროკავშირის პრეზიდენტს და სთხოვოს, არ შეუშვათ თქვენს ტერიტორიაზე, ეს კაცი სამოქალაქო საზოგადოების მტერიაო, ის პრემიერი რაღაცაზე მაინც აუცილებლად უნდა დაფიქრდეს. კიდევ გიმეორებთ, 15 სექტემბრამდე თუ არ მოხდა ის, რასაც მე ვითხოვ, ივანიშვილი აღმოჩნდება ცუდ დღეში. პირადადაც ჩავალ, შევხვდები ევროკავშირის პრეზიდენტს და ვეტყვი, საქართველოს მიხედოს, რადგან სააკაშვილის რეჟიმის მოცილებით, საქართველოში რეჟიმი არ დასრულებულა", - განაცხადა ხატიაშვილმა.