ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მყოფი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სასაზღვრო სამსახური იუწყება, რომ მათ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისათვის ორი უცნობი ადამიანი, ქალი და მამაკაცი დააკავეს.
"დაკავება ზნაურის რაიონის დასახლებულ პუნქტ ქალეთში მოხდა. სახელმწიფო საზღვრიდან 200 მეტრის მოშორებით. ისინი საქართველოს მხრიდან მოდიოდნენ. საზღვრის დამრღვევებს თან არავითარი პირადობის დაადასტურებელი საბუთი არ გააჩნდათ. მათ თავად განაცხადეს, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და საქართველოს ტერიტორიიდან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ზნაურში ნათესავების მოსანახულებლად მიდიოდნენ", _ იუწყება ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მყოფი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სასაზღვრო სამსახურის პრესსამსახური.
ოსური მხარე ასევე იუწყება, რომ საქმის გარკვევის მიზნით საზღვრის დამრღვევები ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტში არიან გადაცემულნი.