საპარლამენტო უმცირესობის წევრის სერგო რატიანის განცხადებით, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დამოუკიდებელი დეპუტატის, "ხალხის პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატ კობა დავითაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლის თანახმად, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს სახელმწიფო თანამდებობების დაკავება უნდა აეკრძალოთ, მიუღებელია.
როგორც რატიანმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, "დავითაშვილის ამ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტში წარმოდგენილი ის დეპუტატები დაუჭერენ მხარს, რომლებსაც კომპარტიის წევრობის ბილეთი დღემდე ჯიბეში აქვთ".
"ალბათ, მისი აზრით, სახელმწიფო თანამდებობებზე და მთავრობაში პუტინს ვინც შეხვდა ისინი უნდა იყონ წარმოდგენლები, ვინც კომუნისტური პარტიის წევრები იყვნენ, ვინც ქრთამებს იღებდა და ასე შემდეგ. ალბათ ამ ინიციატივას ისინი დაუჭერენ მხარს, ვინც ჯირინოვსკის და პუტინს ჩამოართვა ხელი და დღემდე ჯიბეში უდევს კომუნისტური პარტიის ბილეთი,"- განაცხადა სერგო რატიანმა.
ცნობისთვის, "ხალხის პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატ კობა დავითაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შესაძლოა, სახელმწიფო თანამდებობრივი შეზღუდვები დაუწესდეთ და მათ საჯარო სამსახურებში მაღალი თანამდებობების დაკავება კანონით აეკრძალოთ.