ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიგელ-ანხელ მორატინოსი ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ამოქმედებასთან დაკავშირებით კმაკოფილებას გამოთქვამს.
შესაბამისი განცხადება მან ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას, ცოტა ხნის წინ, დარიალის პუნქტის დათვალიერების შემდეგ გააკეთა.
"აქ ჩამოსვლა მნიშვნელოვანი იყო, რადგან უნდა გავცნობოდით ლარსის სასაზღვრო-პუნქტზე არსებულ ვითარებას და გაგვეგო, შეუძლია თუ არა ევროკავშირს საზღვრის მონიტორინგში წვლილის შეტანა", - განაცხადა მორატინოსმა.
ამასთან, ის არ გამორიცხავს, რომ სახმელეთო საზღვრის გახსნა რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის განახლების დასაწყისი გახდეს.
აღსანიშნავია, რომ მორატინოსი ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტთან ნახევარი საათის განმავლობაში, ევროკავშირის დამკვირვებლებთან ერთად იმყოფებოდა.
სასაზღვრო პუნქტის დათვალიერების შემდეგ მან მონიტორინგის მისიის წევრებთან მცირე თათბირიც გამართა.
ამ წუთებში ევროკავშირის დელეგაცია თბილისისკენ მოემგზავრება, სადაც სტუმრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავენ შეხვედრებს.
მორატინოსის ხელმძღვანელობით ევროკავშირის მაღალი რანგის დელეგაცია საქართველოში დღეს დილით ჩამოვიდა.