დრანდის ციხეში, ორი დღის წინ გარდაცვლილი პატიმარი დემურ გოგოხია აფხაზმა სეპარატისტებმა სოფელ აჩიგვარაში დაკრძალეს.
ამის შესახებ ~ჯი-ეიჩ-ენს~ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გალის მიმართულების კოორდინატორმა თორნიკე კილანავამ განუცხადა.
~ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ გოგოხია სეპარატისტებამ წუხელ, გვიან ღამით, გალის რაიონ სოფელ აჩიგვარაში ოჯახის ნებართვის გარეშე დაკრძალეს, მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის გუშინდელ შეხვედრაზე სოხუმის მარიონეტულ რეჟიმთან მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ გარდაცვლილს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე დღეს გადმოვასვენებდით~, - განაცხადა კილანავამ.
მისი თქმით, ამ დრომდე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არც ოკუპანტები და არც აფხაზი სეპარატისტები არ დაკავშირებიან.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისა და გალის რაიონში ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტები განიხილეს. მომდევნო შეხვედრა გალში 23 მარტს გაიმართება.