საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა და სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ, წინასაარჩევნო პერიოდში, საარჩევნო კოდექსის ზოგიერთი მოთხოვნის დაცვის თაობაზე, სპეციალური განცხადება გააკეთა.
თამარ სანიკიძის განმარტებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მზადაა სრულად დაიცვას საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და ამით ხელი შეუწყოს საპრეზიდენტო კამპანიის თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას.
მინისტრი განცხადებაში იმ შეზღუდვებს შეეხო, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო მოხელეს წინასაარჩევნო პერიოდში აქვს. კერძოდ:განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში მომუშავე საჯარო მოხელეებს უფლება არ აქვთ მონაწილეობა მიიღონ წინასაარჩევნო კამპანიაში (აგიტაციაში) სამუშაო საათების განმავლობაში ან, როდესაც ისინი ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობებს;სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი იურიდიული პირების, მათ შორის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კვლევითი დაწესებულებების, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლელო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს ეკრძალებათ იყვნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების საჯარო მოხელეებს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ეკრძალებათ რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტების კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება; ასევე ეკრძალებათ საარჩევნო კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა, მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით.