"ივანიშვილის განცხადება ნიშნავს, რომ პრობლემების ეშინია და ის გარბის,"- ასე შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა აკაკი მინაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში წასვლის შესახებ დღეს გაკეთებული განცხადება.
მინაშვილის თქმით, "საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მის წინაშე არსებულ სირთულეებს და ქვეყნის საჭიროებებს სატანადო პასუხი ვერ გასცა და პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით პასუხისმგებლბას გაურბის".
"ის ამ წერილით მომართავს საკუთარი კოალიციის წევრებს, რომ ტვინს ნუ უჭამენ მის წასვლა-არწასვლასთან დაკავშირებით და არ მიმართავს საქართველოს მოსახლეობას, იმიტომ, რომ როგორც ჩანს, მას საქართველოს მოსახლეობა საერთოდ არ აინტერესებს. მეორეს მხრივ, ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა ის დანაპირები, რაც ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს, მათ შორის დასაქმების პრობლემის გადაწყვეტა, ქვეყნის შემდგომი განვითარება, რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, ახალი ქარხნების აშენება, 100-ზე მეტ ქარხანას დაჰპირდა ხალხს. ვერც ერთი ეს დანაპირები ვერ შეასრულა. პირიქიტ, ქვეყანა მოაქცია ქაოსში, არეულობაში, ყველა არსებული ხარვეზი ყველა მიმართულებით გაამძაფრა და ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პრობლემების ეშინია და ის გარბის,"- განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტმა ბიძინა ივანიშვილმა ქართულ საზოგადოებას ღია წერილით მიმართა, სადაც იგი პოლიტიკიდან მის შესაძლო წასვლაზე და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების შემდგომ გაგრძელების სავარაუდო სურათზე საუბრობს.