"მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი რუსეთთან დიალოგის დაუშვებლობასთან დაკავშირებით ნინო ბურჯანაძის პოზიციის შეცვლას მიესალმება.
"მნიშვნელოვანია, რომ ქალბატონმა ნინომ შეცვალა ადრე გამოცხადებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ და მხოლოდ წინაპირობების შესრულების შემთხვევში უნდა დაწყებულიყო რუსეთთან დიალოგი. გახსოვთ, ცოტა ხნის წინ ის აცხადებდა, რომ ჯერ ქვეყნის დეოკუპაცია უნდა მომხდარიყო. დავრწმუნდით იმაში, რომ ჩვენი ულტიმატუმებისა და წინაპირობების მაინცდამაინც არავის ეშინია და რუსეთთან დიალოგი საჭიროა სწორედ იმიტომ, რომ ქვეყანამ დეოკუპაციისა და გაერთიანების შანსი დაიბრუნოს", - განუცხადა ნოღაიდელმა ჟურნალისტებს ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტზე კომენტირებისას და აქვე განმარტა, რომ ის კოლეგა ლიდერის ამ გადაწყვეტილებას მიესალმება.
შეგახსენებთ, რომ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე დღეს გამთენიისას მოსკოვში გაემგზავრა. როგორც მან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთთან პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.