ამ წუთებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე საპატრიარქოში მუსლიმი საზოგადოების სულიერი წინამძღოლებს ხვდება.
"ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, კათოლიკოს პატრიარქის და მუფტების საუბრის მთავარი თემა ახალციხეში მართლმადიდებელი მრევლის და სასულიერო პირების მიერ ორგანიზებული, ამ წუთებში მიმდინარე საპროტესტო აქციის საკითხია.
აღნიშნული შეხვედრის დასრულების შემდეგ საპატრიარქოს სახელით საგანგებო განცხადება გაკეთდება.
ცნობისთვის, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მუსლიმთა სამლოცველოს მინარეთის დემონტაჟი 26 აგვისტოს მოხდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა მინარეთის რკინის კონსტრუქციის იმპორტირებისას საბაჟო პროცედურების დარღვევით ახსნა. მინარეთის დემონტაჟს საქართველოში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა და აჭარის მეჩეთთან სხვადასხვა რეგიონიდან ჩასულმა ათასობით მუსლიმმა საპროტესტო აქცია გამართა. საბოლოოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის შუამდგომლობით, ჭელაში მინარეთის დაბრუნება დღეს საღამოს 19:00 საათისთვის გადაწყდა. ამ წუთებში ადგილობრივ მართლმადიდებელ მოსახლეობას ახალციხიდან ჭელასკენ მიმავალი ცენტრალური მაგისტრალი აქვს გადაკეტილი. მათი თქმით, ისინი მინარეთის აღდგენას არ დაუშვებენ. აღნიშნულ საპროტესტო აქციაში სასულიერო პირებიც მონაწილეობენ და მომიტინგეთა მოთხოვნებს სრულად იზიარებენ.