ექსპერტ გია ნოდიას შეფასებით, "ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მუსლიმთა სამლოცველოს მინარეთის დემონტაჟი სამარცხვინო გადაწყვეტილება იყო".
ნოდიას თქმით, "მოცემულ სიტიაციაში ძალიან ძნელია იმის მტკიცება, რომ მინარეთის მოხსნა არ შეურაცხყოფს ადამიანთა რელიგიურ ემოციებს".
"ეს იყო პირველ რიგში სრულიად უგუნური გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან. ძალიან ძნელია სერიოზულად ამტკიცო ის, რომ მინარეთის მოხსნა არის რეალურად საჭირო იმისთვის, რომ თუნდაც რაიმე არსებული ფინანსური დარღვევები გამოიკვლიო. ეს არის ძალიან სამარცხვინო გადაწყვეტილება ხელისუფლების მიერ,"- განაცხადა გია ნოდიამ.
ცნობისთვის, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მუსლიმთა სამლოცველოს მინარეთის დემონტაჟი 26 აგვისტოს მოხდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა მინარეთის რკინის კონსტრუქციის იმპორტირებისას საბაჟო პროცედურების დარღვევით ახსნა. მინარეთის დემონტაჟს საქართველოში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა და აჭარის მეჩეთთან სხვადასხვა რეგიონიდან ჩასულმა ათასობით მუსლიმმა საპროტესტო აქცია გამართა. საბოლოოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის შუამდგომლობით, ჭელაში მინარეთის დაბრუნება დღეს საღამოს 19:00 საათისთვის გადაწყდა.