საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობის წევრის თამარ კორძქიას განცხადებით, აუცილებელია ადგენის რაიონის სოფელ ჭელას მუსლიმ მოსახლეობას სამლოცველოს მინარეთი რაც შეიძლება მალე აღუდგეს.
დეპუტატის თქმით, "მნიშვნელოვანია ის, რომ ხელისუფლებამ რაც შეიძლება მეტი ძალისხმევა მიმართოს იმისკენ, რათა მისი ამ გადაწყვეტილების კანონიერება დაასაბაუთოს".
"მძიმე ფაქტი მოხდა. ძალიან ცუდი შედეგია, როდესაც ჩვენი მუსლიმი თანამოქალაქეების მხრიდან ასეთი აღშფოთება იქნა გამოწვეული. მთავარი და აუცილებელი ისაა, რომ მუსლიმ მოსახლეობას მინარეთი აღუდგეს და მათ შეეძლოთ აღდგენილ მინარეთში და აღდგენილ პირობებში ღვთისმსახურების განხორციელება,"- განაცხადა თამარ კორძაიამ.
ცნობისთვის, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მუსლიმთა სამლოცველოს მინარეთის დემონტაჟი 26 აგვისტოს მოხდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა მინარეთის რკინის კონსტრუქციის იმპორტირებისას საბაჟო პროცედურების დარღვევით ახსნა. მინარეთის დემონტაჟს საქართველოში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა და აჭარის მეჩეთთან სხვადასხვა რეგიონიდან ჩასულმა ათასობით მუსლიმმა საპროტესტო აქცია გამართა. საბოლოოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის შუამდგომლობით, ჭელაში მინარეთის დაბრუნება დღეს საღამოს 19:00 საათისთვის გადაწყდა.