აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ე. წ. ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან პირველი სხდომა გამართა, ყველას დანიშვნა მიულოცა და მუშაობაში წარმატება უსურვა.
ბაღაფშმა მინისტრთა კაბინეტის პირველ სხდომაზე განაცხადა, რომ აფხაზეთის ე. წ. ხელმძღვანელობის უპირველესი ამოცანა სახელმწიფო მმართველობის სტრუქტურების მუშაობის ამაღლებაა.
"თქვენ ის ადამიანები ხართ, რომლებთანაც ხუთ წელიწადს ვიმუშავეთ. ამ დროის განმავლობაში თქვენ გაიზარდეთ როგორც სპეციალისტები. მე არ მიყვარს კადრების გაფლანგვა. გასული წლების განმავლობაში ბიუჯეტში არსებული ხვრელების ამოვსებას ვუნდებოდით. ახლა კი განვითარების ახალ ეტაპზე გადავდივართ და გთხოვთ ეს გაითვალისწინოთ", _ განაცხადა ბაღაფშმა და ფინანსთა, ეკონომიკისა და გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროების განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.
ბაღაფშმა განაცხადა, რომ ე. წ. მთავრობის წევრებმა, პირველ ყოვლისა, ყურადღება აფხაზეთის ეკონომიკის განვითარებაზე უნდა გაამახვილონ.
ბაღაფშმა ე. წ. პრემიერ-მინიტრსა და ე. წ. ფინანსთა მინისტრს ფინანსებზე მკაცრი კონტროლის განხორციელება დაავალა.
"სახსრების გადანაწილება პრემიერ-მინისტრის მკაცრი კონტროლის ქვეშ უნდა იყოს და თავადაც თვალყურს მივადევნებ ამას", _ განაცხადა ბაღაფშმა.
მისი თქმით, იგი, ისევე როგორც ადრე, განსაკუთრებულ ყურადღებას ძალოვან სტრუქტურებს დაუთმობს. ამასთან, უკმაყოფილება გამოხატა იმ პირობებით, რა პირობებშიც ცალკეული დანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები ცხოვრობენ.
ბაღაფშმა აფხაზეთის ე. წ. შს მინისტრს ოთარ ხეციას "შს სამინისტროს სტრუქტურის გადახედვა და უკეთესობისკენ მუშაობის სტილის შეცვლა დაავალა".
ამას გარდა, ბაღაფშმა ე. წ. მთავრობის წევრებს ახალგაზრდა და გონიერი კადრების სამუშაოზე მიღებისკენ და მათ მინისტრების მოადგილეების თანამდებობაზე დანიშვნისკენ მოუწოდა.
"მინისტრების კეთილსინდისიერებაში ეჭვი არ მეპარება, თუმცა თქვენს თანამშრომელთა შორის წესრიგია დასამყარებელი. მათ, ვისაც დიდი ფულის კეთება უნდათ, ბიზნესში წავიდნენ", _ განაცხადა ბაღაფშმა.
აღნიშნულ თათბირზე ბაღაფშმა ჟურნალისტებსაც მიმართა და განაცხადა, რომ მათ უნდა გააკეთონ ყველაფერი, რომ "აფხაზეთის ხმა მსოფლიოში სულ უფრო მეტად ისმოდეს".