ადიგენის რაიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულის, რომ მომხდარი ფაქტი შეურაცხყოფს მუსლიმი თანამოქალაქეების რელიგიურ გრძნობებს და ხიფათს უქმნის სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრების პერსპექტივას.
„გუშინ ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში განვითარებული მოვლენებით საქართველოში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების კიდევ ერთი ძალიან სახიფათო პრეცედენტი შეიქმნა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როცა ამ დაპირისპირების ერთ მხარეს მორწმუნე ადამიანები აღმოჩნდნენ, მეორე მხარეს კი სახელისუფლებო სტრუქტურები.
მომხდარი ფაქტი შეურაცხყოფს ჩვენი მუსლიმი თანამოქალაქეების რელიგიურ გრძნობებს და ხიფათს უქმნის სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრების პერსპექტივას ჩვენს ქვეყანაში. ამ მხრივ სახელისუფლებო სტრუქტურების ქმედება ყოვლად არაკვალიფიციური და უპასუხისმგებლო იყო. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს სათანადო ზომები შექმნილი სიტუაციის განსამუხტავად და იმოქმედოს კანონის, კონსტიტუციის და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე.
მიუხედავად იმისა, რომ ეს სახიფათო პროცესი აქტიური საპრეზიდენტო კამპანიის ფონზე განვითარდა, სამწუხაროდ, არცერთმა საპრეზიდენტო კანდიდატმა საჭიროდ არ ჩათვალა აღნიშნულ მოვლენას გამოხმაურებოდა. ისინი ლაპარაკობენ და ხალხს ჰპირდებიან ისეთ რამეებს, რაც მომავალი პრეზიდენტის ფუნქციაში საერთოდ არ შედის, ამ დროს სწორედ ადამიანის უფლებების დარღვევის ასეთ ფაქტებზეა მათგან პოზიციის გამოხატვა საჭირო და საზოგადოებისთვისაც საინტერესო"- ნათქვამია განცხადებაში.