„ნაციონალებს" გასრიალებული მანქანები ჰყავდათ, მაგრამ ამათ, „ნაციონალების" ნაჯდომ მანქანებში არ ჩავჯდებითო და ახალი, უკეთესი მანქანები იყიდეს. მშვენივრად ჩასხდნენ „ნაციონალების" სკამებში და მანქანაში რატომ ვერ ჩასხდებოდნენ ხომ არ იცით?", - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ ამომრჩევლებთან შეხვედრისას, იუწყება კახეთის საინფორმაციო ცენტრი.
მისი თქმით, მინისტრი მათხოვარივით არ უნდა დადიოდეს, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც პენსიონერებს მხოლოდ ლარებს უმატებენ, მინისტრებს 20 ათას ლარიანი ხელფასი არ უნდა ჰქონდეთ.
„არასდროს ვამბობდი და არც ეხლა ვიტყვი, რომ მინისტრი მათხოვარივით უნდა ცხოვრობდეს, ხელფასი არ უნდა ჰქონდეს და მეტროთი დადიოდეს მეთქი, საქმეს ვერ გააკეთებს ასე რომ იყოს, მაგრამ არ შეიძლება პენსიონერების პენსიის ლარებზე მომატებაზე ვსაუბრობდეთ და მინისტრების ხელფასი 15-20 ათასი და დამატებით 20 ათასი პრემიები იყოს. ვითომ მოიკლეს და სინამდვილეში მოიმატეს ხელფასები", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ერთ - ერთი რიგითი მინისტრის ყოველთვიური ხელფასი 7 875 ლარს (საშემოსავლოს დაქვითვით 6 300 ლარი) შეადგენს, რუსეთში მინისტრის საშუალო ხელფასი 62 ათას რუბლს, ანუ დაახლოებით 3 100 ლარს უტოლდება, აზერბაიჯანში მინისტრის ყოველთვიური სარგო 1 500 აზერბაიჯანული მანათი, დაახლოებით 3 100 ლარია, სომხეთში კი 300 000 დრამი, დაახლოებით 1 225 ლარია, ბელორუსიაში კი მინისტრების ხელფასი 1 500 დოლარი, დაახლოებით 2 475 ლარს უტოლდება.