ტელეკომპანია "მეცხრე არხის" გენერალური დირექტორი ლუბა ელიაშვილი "ომეგა ჯგუფის" საკუთრებაში არსებული "იბერია ტვ"-ს შეთავაზებას სერიოზულად მიიჩნევს.
ამის შესახებ ელიაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადების კომენტირებისას ისაუბრა, რომლის თანახმად იგი ტელეკომპანია "მეცხრე არხთან" დაკავშირებულ ნებისმიერ სერიოზულ წინადადებას განიხილავს, თუმცა ეჭვი ეპარება, რომ ასეთი მოიძებნოს.
"სერიოზული წინადადებაა. "იბერიის" მფლობელებმა, რომლებიც ამას გარდა, არიან ჩემი მეგობრები, გააკეთეს ასეთი განცხადება. მათ გააჩნდათ ტელეკომპანია და ძალიან კარგად იციან მისი ფასი, იმიტომ რომ განსხვავებით "იმედის" თანამშრომლებისგან, რომლებიც სახურავებზე შემოხტნენ და გაიქცნენ, "იბერიის" თანამშრომლები ბოლო წუთამდე იბრძოდნენ ხელისუფლების წნეხის წინააღმდეგ, საკუთარი პოზიციების დასაცავად. ეს იყო 2004 წელს. ამიტომ მათ აქვთ სურვილი, დიდი ხანია, იბრძვიან ლიცენზიის დასაბრუნებლად და ზუსტად ის აკლიათ, რაც ამ წუთას აქვს "მეცხრე არხს" - აპარატურა და თანამშრომლები. ძალიან მიხარია, რომ ისინი ამ თანამშრომლებს თვლიან კვალიფიციურ ჟურნალისტებად და სურთ მათი დასაქმება", - განაცხადა ლუბა ელიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ეჭვი ეპარება, რომ ტელეკომპანია"მეცხრე არხის" რეალური მყიდველი გამოჩნდეს.
"ეჭვი მეპარება, რომ ტელევიზიის მყიდველი გამოჩნდეს. პრინციპში, მე ასე მგონია, რომ ეს ცარიელი. მე ჯგუფი გამოვყავი ამისთვის, ახლობელი ადამიანი, ვინც მაგ სიტუაციას გაყვება. თუ იქნა სერიოზული მყიდველი, მე რა თქმა უნდა მივესალმები და რაც არის პირობები, აუცილებლად დავიცავ. არ მინდა ცალ-ცალკე ვისაუბრო. გაირჩევა ერთად და გაირჩევა ისე, რომ თქვენ ნახავთ. არც ერთ სერიოზულ მყიდველს უარი არ ეთქმება. ძალიან კარგია თუ იქნებიან,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.