საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთის ელჩებმა რამდენიმე ქვეყანაში გამოაქვეყნეს სტატია, სადაც პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ციტირებენ, რომ "ომში დამნაშავეა საქართველო".
ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს ოზურგეთში 2004 წელს ცხინვალთან დაღუპული ზაზა დამენიას ოჯახის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში მოქმედ ყველა საჯარო სკოლაში ეროვნული გმირების საინფორმაციო დაფები უნდა განთავსდეს.
"დამენიას ისტორია ზუსტად იმას აჩვენებს, რომ ჩვენ უკვე მრავალი წელია მოწინააღმდეგის მხრიდან ამ შეტევის ქვეშ ვიმყოფებით და ძალიან ვწუხვარ, რომ ბევრი რაღაცა ისევ უკუღმა გახდა, იმიტომ, რომ ციხიდან გაუშვეს ასეთი ჯაშუშები, მათ შორის ისინიც, ვინც 2004 წელსაც აძლევდა ინფორმაციას ზუსტად ჩვენი ჯარების დალაგების შესახებ ცხინვალის გარშემო და შემდეგ ეს ინფორმაცია რუსეთს გადაეცემოდა და ეს ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია და შემდეგ რუსებს ზუსტი კოორდინატები ჰქონდათ სად უნდა დაერტყათ, სად უნდა შემოეგდოთ ყუმბარები. ასეთი ხალხი ლამის "გმირებად" გაუშვეს ციხეებიდან. ვწუხვარ, რომ ბოლო დღეებში რუსეთის ელჩებმა მიიღეს ინსტრუქცია და რამდენიმე ქვეყანაში გამოაქვეყნეს სტატია, სადაც ციტირებენ პრემიერ-მინისტრს, რომ "ომში დამნაშავეა საქართველო" და ამის დამადასტურებლად საქართველოს იხმობენ. ეს ძალიან საშიში რამეა. ჩვენ ფრთხილად უნდა მოვეპყროთ გამონათქვამებს, რადგან ეს პირდაპირ აზარალებს საქართველოს. მაგალითად, ორი დღის წინ კორეაში რუსეთის ელჩის წერილი იყო, სადაც პირდაპირ ციტირებენ ბიძინა ივანიშვილს, "ბიძინა ივანიშვილიც ამბობს და თქვენ რა გინდათო, კორეელები რაღაზე გვეჩხუბებით რატომ ვართ ოკუპანტები საქართველოშიო", სწორედ ასეთი ინსტრუქცია მიიღეს რუსეთის ელჩებმა ევროპულ ქვეყნებშიც, იმ ქვეყნებში, რომლებიც მხარს გვიჭერენ, რომ რუსეთი აქიდან წავიდეს და საქართველოს დეოკუპაცია მოხდეს. ასე რომ, გმირს უნდა ერქვას გმირი, ჯაშუშს უნდა ერქვას ჯაშუში, მოღალატეს მოღალატე და ეს არაფერი არ შეცვლილა საუკუნეების განმავლობაში,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2004 წელს ცხინვალთან დარუპული ზაზა დამენიას ოჯახში ელგუჯა ხუბაშვილთან და ვახტანგ წკირიშვილთან ერთად მივიდა. ეს ის სამხედროებია, რომლებიც ზაზა დამენიამ საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა.