დღეს, ნიკა ივანიშვილის პარტიამ "სახალხო დემოკრატებმა" და მოძრაობამ "შემოგვიერთდით" თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მეომორანდუმის პრეზენტაცია "სახალხო დემოკრატების" ოფისში გაიმართა.
თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა ივანიშვილის განცხადებით, "სახალხო დემოკრატები" ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლებენ, რომელიც თვლის, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები აღარ უნდა არსებობდნენ და ამ მიმართულებით ქმედით ნაბიჯებსაც გადადგამს.
"წინასაარჩევნო და არამარტო წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ წინააღმდეგობის მოძრაობა "შემოგვიერთდისთან". ჩვენი თანამშრომლობა იქნება გამჭვირვალე და რაც მთავარია ქმედითუნარიანი. საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოლიტპატიმრების თემა. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო განვითრებულ ქვეყანად ვერ ჩაითველება. ამ საკითხთან დაკავშრებით ვითანამშრომლებთ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც და იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებას გამოეყოფა გარკვეული ადამიანების ჯგუფი, რომელიც იტყვის, რომ ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას, მათთანაც ვითანამშრომლებთ", - განაცხადა ნიკა ივანიშვილმა.
კითხვაზე ხომ არ არის პოლიტპატიმრების საკითხით დაინტერესება მხოლოდამხოლოდ წინასაარჩევნო პიარი, "შემოგვიერთდის" ერთ-ერთი ლიდერი აკაკი დარასელია პასუხობს.
"მოგეხსენებათ, ჩვენი მოძრაობა არანაირი პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას არ ცდილობს და არც სჭირდება, შესაბამისად ამ თემაზე საუბარი აბსურდია. ჩვენ უბრალოდ ჩვენი მეგობრების და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება გვინდა და არავის მივცემთ უფლებას თავისი მიზნებისთვის გამოგვიყენოს", - განაცხადა აკაკი დარასელიამ.
შეგახსენებთ, რომ "სახალხო დემოკრატებისა" და მოძრაობა "შემოგვიერთდის" პოლიტიკური ურთიერთობა გუშინ გლდანის საპყრობილესთან გამართული მიტინგის დროს დაიწყო, როცა ივანიშვილი მიტინგზე მივიდა და პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა.