ტელეკომპანია "მეცხრე არხის" გენერალურ დირექტორს ლუბა ელიაშვილს იმედი აქვს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში რამდნიმე წლის წინ დახურული ტელევიზია - "იბერია" ისევ გაიხსნება.
ამის შესახებ ელიაშვილმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადების კომენტირებისას ისაუბრა, რომლის თანახმად, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოში სწორედ მისი მმართველობის პერიოდში გაიხსნა ყველაზე მეტი ტელევიზია და გაზეთი.
"მიხეილ სააკაშვილს მინდა შევახსენო, რომ სწორედ მის დროს ესროლეს ჩემს ფანჯარას ტყვია ორჯერ, ხოლო 2 თვეში დამიხურეს არხი, რომელზეც ვმუშაობდი და იმ არხს ერქვა "იბერია". ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ "იბერია" გაიხსნება ამ ხელისუფლების პირობებში. როგორც პრემიერმა აღნიშნა, "ინფო 9" მთელი ამ ხნის განმავლობაში იყო ფრონტის წინა ხაზზე. ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმ დემოკრატიულ მოვლენებში, რომელიც ამ ქვეყანაში განვითარდა და მე მაქვს იმედი, რომ ეს ქვეყანა იქნება ისეთი, რომ "ინფო 9"-ელები იპოვიან თავისი პროფესიული შესაძლებლობების, თავისი შემართების, თავისი მონაცემების შესაფერის სამსახურებს,"- განაცხადა ლუბა ელიაშვილმა.