"როგორც ჩანს, ეს ყველაფერი გვაბრუნებს შევარდნაძის ეპოქაში, როდესაც მედიასაშუალებების რიცხვი ახლანდელთან შედარებით ბევრად ნაკლები იყო,"- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ მის საკუთრებაში არსებული ტელეკომპანია "მეცხრე არხის" და საინფორმაცო სააგენტო "ინფო 9"-ის დახურვასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
დარჩიაშვილის თქმით, "პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებისათვის, მაყურებლისათვის მოულოდნლად ამ არხს ხურავს და ამ შემთხვევაში, თავის პირად ინტერესებს საზოგადოებრივი ინტერესი ეწირება ხოლმე".
"მე ნამდვილად არ ვარ "მეცხრე არხის" დიდი გულშემატკივარი, მაგრამ ფაქტია, რომ მას თავისი მაყურებელი ჰყავს. ეს როგორც ჩანს, გვაბრუნებს შევარდნაძის ეპოქაში, როდესაც მედიასაშუელებების რიცხვი ახლანდელთან შედარებით ბევრად ნაკლები იყო. ეს ყველაფერი ძეიძლება იყოს იმ გეგმის ნაწილი, რომელიც თავის დროზე ივანიშვილმა გააჟღერა, იმის თაობაზე, რომ მას სურვილი აქვს, "მეცხრე არხი" და საზოგადოებრივი მაუწყებელი" რაღაცნაირად ერთმანეთს შეერწყან,"- განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პირველ სექტემბრამდე არგასხვისების შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაში არსებული ტელეკომპანია "მეცხრე არხი" და საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9" დაიხურება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი.
ივანიშვილის თქმით, "მას და მის ოჯახს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" გამარჯვებისთანავე სურდა გაესხვისებინა ტელეკომპანია ,,მე-9 არხი" და საინფორმაციო სააგენტო ,,ინფო 9", მაგრამ ჟურნალისტებისა და თანამშრომლების მიმართ პასუხისმგებლობისა და პატივისცემის გამო, ამ მედიასაშუალებების მუშაობა კიდევ 10 თვით გაახანგრძლივეს".
როგორც პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "მთელი ამ ხნის განმავლობაში მისი ოჯახი ეძებდა მყიდველს, რომელიც აღნიშნულ მედიასაშულებებს ამუშავებდა. პარასკევს, 16 აგვისტოს კი, აღნიშნული ტელეკომპანიის და საინფრმაციო სააგენტოს ბოლო მყიდველმაც უარი განაცხადა.
"დღეიდან, 19 აგვისტოდან 1-ელ სექტემბრამდე, კიდევ ვიტოვებთ დროს ამ მედიასაშულებების გასასხვისებლად. მყიდველს ამჯერად საბაზრო ღირებულების მესამედ ფასად ვთავაზობთ ტელევიზიასა და საინფორმაციო სააგენტოს, თავისი მატერიალურ-ტექნიკურ ბაზით, იმ პირობით, რომ მყიდველი ამუშავებს ტელევიზიას და თანამშრომლები შეინარჩუნებენ სამსახურს. თუ 1-ელ სექტემბრამდე არ გამოჩნდება მყიდველი, იძულებული გავხდებით, შევწყვიტოთ ტელეკომპანია ,,მე-9 არხისა" და საინფორმაციო სააგენტო ,,ინფო 9"-ის მუშაობა,"- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
მისივე თქმით, "მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში კანონმდებლობა არ ითვალისწინებს თანამშრომელთათვის კომპენსაციების გადახდას, მან და მისმა ოჯახმა გადავწყვიტეს "მეცხრე არხის" და საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9"-ის ყველა თანამშრომელს 2 თვის კომპენსაცია გადაუხადონ".
"მიმაჩნია, რომ ტელევიზიასა და მედიასაშუალებაში ჩადებული ფულით არ უნდა ვეხმარებოდე ქვეყანას. მე ჩემს ქვეყანას სხვა, უფრო ეფექტიანი პროექტების განხორციელებაში შევუწყობ ხელს", - აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი.