საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია ,,მე-9 არხისა" და საინფორმაციო სააგენტო ,,ინფო 9"-ის დახურვასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:
"ახლა, როცა დგება ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი ეტაპი - ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები, ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიის კიდევ ერთი ტესტი უნდა ჩააბაროს. ეს არჩევნები უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, საქართველოს წინსვლის საწინდარი. ჩვენ ვალდებული ვართ ჩავატაროთ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ყველა წესის დაცვით, რომ არავინ, განსაკუთრებით ამომრჩეველმა, ეჭვი არ შეიტანოს მის სამართლიანობაში. ვგრძნობ იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც მაკისრია როგორც მთავრობის მეთაურსა და კოალიციის ლიდერს.
ყოველთვის მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ქვეყნის პირველ პირებს საკუთარი ტელევიზია არ უნდა ჰქონდეთ, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ამას არ კრძალავს. პირადად მე და ჩემს ოჯახს ეს დიდ უხერხულობას გვიქმნის, რაც არაერთხელ განვაცხადე კიდეც.
არჩევნებში გამარჯვებისთანავე მე და ჩემს ოჯახს გვინდოდა გაგვესხვისებინა ტელეკომპანია ,,მე-9 არხი" და საინფორმაციო სააგენტო ,,ინფო 9", მაგრამ ჟურნალისტებისა და თანამშრომლების მიმართ პასუხისმგებლობისა და პატივისცემის გამო კიდევ 10 თვე გავახანგრძლივეთ ამ მედიასაშუალებების მუშაობა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვეძებდით მყიდველს, რომელიც ამუშავებდა ამ მედიასაშულებებს. 16 აგვისტოს, პარასკევს, ბოლო მყიდველმაც უარი გვითხრა.
მე პოლიტიკაში შემოსვლისთანავე, პირველივე წერილში შევთავაზე რამდენიმე ტელეკომპანიას, რომ დროებით, არჩევნების პერიოდში, შევისყიდიდი ტელევიზიას, თუმცა, მაშინ ამ შეთავაზებაზე სხვადასხვა მიზეზით ყველამ უარი თქვა. ყველამ კარგად იცის, რა პირობებში უწევდა წინასაარჩევნოდ ოპოზიციას საქმიანობა, ისიც ყველამ იცის, რამხელა ძალა აქვს ტელევიზიას. ნაციონალურ მაუწყებლებს ხელისუფლება აკონტროლებდა, ტელევიზიები მუშაობდნენ უზარმაზარი სახელისუფლებო წნეხის ქვეშ და მის რუპორად იყვნენ ქცეული. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩემს მეუღლეს გაეხსნა ტელევიზია.
არც მე და არც ჩემი ოჯახი არასოდეს ჩავრეულვართ ტელევიზიის საქმიანობაში - ჟურნალისტები მიუკერძოებლად და ობიექტურად აშუქებდნენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.
დღეს, როცა ახლოვდება არჩევნები, მედიასაშაულებების ვალია ობიექტურად აშუქებდეს საარჩევნო პროცესს, ხოლო ხელისუფლება პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს უქმნიდეს თანაბარ პირობებს. სწორედ ამისთვის არის საჭირო ზემოაღნიშნული მედიასაშუალებების გასხვისება, რათა ამომრჩეველს არ დარჩეს განცდა და არ შეექმნას აღქმა იმისა, რომ კოალიციის ლიდერის მფლობელობაში არსებული მედიასაშუალება კოალიციისავე კანდიდატს სასათბურე პირობებს შეუქმნის და პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენებს მას.
ხოლო რაც შეეხება ჩემ მიერ დასახელებულ პრეზიდენტობის კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს, რომელიც ღირსეული და უალტერნატივო კანდიდატია, პრივილეგიების გარეშეც, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოიპოვებს გამარჯვებას.
მე და ჩემმა ოჯახმა მივიღეთ გადაწყვეტილება 1-ლი სექტემბრიდან ტელეკომპანია ,,მე-9 არხისა" და საინფორმაციო სააგენტო ,,ინფო 9"-ის დახურვასთან დაკავშირებით.
მადლობა მინდა გადავუხადო მე-9 არხისა და საინფორმაციო სააგენტო ,,ინფო 9"-ის ჟურნალისტებს, მათ კოლექტივს, რომელთა საქმიანობაც საპარლამენტო არჩევნების დროს გმირობის ტოლფასი იყო. ,,ინფო 9"-ის თანამშრომლებმა შეძლეს ჩემი ერთ-ერთი მთავარი იდეის განხორციელება - ტელეკამერებით წინ აღდგომოდნენ ნაციონალური მოძრაობის ზონდერბრიგადებს. ჩვენ არ დავზოგეთ სახსრები, ავიყვანეთ ძალიან ბევრი ჟურნალისტი და თითოეულ ზონდერს თითო კამერა დავუპირისპირეთ. ,,ინფო 9"-ის ჟურნალისტები ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, ქუჩებში კამერით აღბეჭდავდნენ იმ უმსგავსობას, რომელსაც ზონდერბრიგადები სჩადიოდნენ. საზოგადოების ინფორმირებულობისათვის, თითოეული კადრის მოპოვებისათვის ისინი არ ერიდებოდნენ განსაცდელს და სრულიად უნიკალურ კადრებს აწვდიდნენ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებს, მათ შორის, უცხოურ მედიასაც.
იმ პერიოდში ტელესივრცეში მე-9 არხისა და ,,ინფო 9"-ის გამოჩენამ საშუალება მისცა ტელეკომპანიებს ,,მაესტროსა" და ,,კავკასიას" გამოეყენებინათ და უფრო დიდი აუდიტორიისათვის მიეწოდებინათ ობიექტური ინფორმაცია და კადრები. მადლობა მათ ამისათვის.
დღეიდან, 19 აგვისტოდან 1-ელ სექტემბრამდე, კიდევ ვიტოვებთ დროს ამ მედიასაშულებების გასასხვისებლად. მყიდველს ამჯერად საბაზრო ღირებულების მესამედ ფასად ვთავაზობთ ტელევიზიასა და საინფორმაციო სააგენტოს, თავისი მატერიალურ-ტექნიკურ ბაზით, იმ პირობით, რომ მყიდველი ამუშავებს ტელევიზიას და თანამშრომლები შეინარჩუნებენ სამსახურს.
თუ 1-ელ სექტემბრამდე არ გამოჩნდება მყიდველი, იძულებული გავხდებით, შევწყვიტოთ ტელეკომპანია ,,მე-9 არხისა" და საინფორმაციო სააგენტო ,,ინფო 9"-ის მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში კანონმდებლობა არ ითვალისწინებს თანამშრომელთათვის კომპენსაციების გადახდას, მე და ჩემმა ოჯახმა გადავწყვიტეთ ყველა თანამშრომელს გადავუხადოთ 2 თვის კომპენსაცია.
მიმაჩნია, რომ ტელევიზიასა და მედიასაშუალებაში ჩადებული ფულით არ უნდა ვეხმარებოდე ქვეყანას. მე ჩემს ქვეყანას სხვა, უფრო ეფექტიანი პროექტების განხორციელებაში შევუწყობ ხელს", - ნათქვამია განცხადებაში.