"ვიცი, რომ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ყველაფერი იციან და შეუძლიათ, კერძო ტელევიზიის საქმეებშიც ჩაერიონ", -ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთი მფლობელის მამუკა ღლონტის მიერ გაკეთებული იმ განცხადების კომენტირებისას ისაუბრა, რომლის თანახმად იგი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი ფრთა ტელეკომპანია "მაესტროს" გამართულად მუშაობაში ხელის შეშლას და არხის დისკრედიატაციას მიზანმიმართულად ცდილობს.
ამასთან, არეშიძე ტელეკომპანია "მეცხრე არხის" შესაძლო დახურვის თაობაზე ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "როგორც ჩანს, სხვა ტელევიზიების დახურვის ხარჯზე ტელეკომპანია "იმედის" გაძლიერება ხდება".
"მედია გადაადგილების პროცესები მიმდინარეობს. კატასტროფა არ არის, თუ "მეცხრე არხი" იხურება. ხოლო რაც შეეხება ტელეკომპანია "მაესტროს" შესაძლო დახურვას, ვფიქრობ, ეს ძალინ ცუდი ფაქტია. ტელეკომპანია "მაესტრო" და მისი ხელმძღვანელი მამუკა ღლონტი ჩემს პატივისცემას იმსახურებენ იმის გამო, რასაც ისინი წლების მანძილზე აკეთებდნენ. რაც შეეხება მამუკა ღლონტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ტელეკომპანიის საქმეებში უხეშად ერევიან, მე ამაზე ზუსტი ინფორმაცია არ გამაჩნია ეს ფაქტი მართლა თუ ხდება,"- განაცხადა მამუკა არეშიძემ.