"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების დადასტურება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ მოხდეს,"- ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის დამკვირვებლების მოწვევის ფაქტის კომენტირებისას ისაუბრა.
"ამ მიმართულებით საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტივობას მივესალმები და კიდევ მინდა ხაზი გავუსვა ერთს: ჩვენ ამ არჩევნებს არა მხოლოდ არჩევნების თვალსაზრისით ვუყურებთ, ჩვენთვის ოქტომბრის მომავალი არჩევნები არ არის მხოლოდ იმიტომ მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მოვიგოთ ამ არჩევნებზე. მნიშვნელოვანია აგრეთვე იმიტომ, რომ საქართველომ კიდევ ერთი სერიოზული დემოკრატიზაციის განაცხადი უნდა გააკეთოს ევროპის წინაშე და მსოფლიოს წინაშე. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამის დადასტურება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ მოხდეს,"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციებიდან დამკვირვებლების ნაწილი უახლოეს მომავალში ჩამოვლენ და წინასაარჩევნო გარემოს დააკვირდებიან, გარემოს წინასწარი შეფასების მიზნით კი, 19 სექტებერს პირველი მასშტაბური პრესკონფერენცია გაიმართება.