საქართველომ და ბრუნეიმ ხელი მოაწერეს ერთობლივ კომუნიკეს დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრი იუწყება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთობლივი კომუნიკეს თანახმად, საქართველო და ბრუნეი დარუსალამი ორმხრივ ურთიერთობებს განავითარებენ ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობისა და სუვერენული თანასწორობის პრინციპების შესაბამისად.
ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ მხარეებმა ერთობლივი წერილით აცნობეს გაეროს გენერალურ მდივანს პან გი მუნს.
დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ერთობლივ კომუნიკეზე ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა ნიუ იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში. ბრუნეის მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ლატიფ ტუახმა, ხოლო, საქართველოს მხრიდან - საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ალექსანდრე ლომაიამ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ეს უკვე მე-7 სახელმწიფოა, რომელთანაც საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. მანამდე დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა ბოტსვანასთან, დომინიკის რესპუბლიკასთან, კაბო-ვერდესთან, მარშალის კუნძულებთან, პერუსთან და სენტ ლუჩიასთან