საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ზურაბ ხარატიშვილის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომა ქვეყანაში სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე გავლენას ვერ მოახდენს.
როგორც ქუცნაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, "ხელისუფლებამ ქართველ ხალხს სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა მისცა და ეს პირობა აუცილებლად შესრულდება".
"ამასთან დაკავშირებით ერთს ვიტყვი, ხარატიშვილის წასვლა სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე გავლენას ვერ მოახდენს. ჩენ ავიღეთ გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების ვალდებულება და ამას აუცილებლად უზრუნველვყოფთ. რამდენად სწორი და კორექტული იყო ამ მომენტში ზურაბ ხარატიშვილის გადაწყვეტილება ეს სხვა საკითხია, თუმცა მე ნებისმიერი ადამიანის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ,"- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მისივე თქმით, პარლამენტის მიერ ხარატიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას დროებით, ახალი თავმჯდომარის არჩევამდე ხარატიშვილის მოადგილე შეასრულებს.
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა პარლამენტს თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადებით უკვე მიმართა.