"ბატონო ბიძინა, მე იმედი მაქვს, რომ თქვენ არ ხართ შეკრული საქართველოს მტერთან, იმედი მაქვს თქვენ აცნობიერებთ თქვენ პასუხისმგებლობას საქართველოს მომავალზე,"- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო სამხედრო ხომალდ "BULKELEY"-ზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
პრეზიდენტის თქმით, "საქართველოს მთვრობა სიმშვიდით ხდება იმას, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ტერიტორიებზე რამდენიმე ადგილზე მავთულხლართები კიდევ გადმოიწია".
მიხეილ სააკაშვილმა ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ისაუბრა და აღნიშნული ომის დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების გმირობა და სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლი გაიხსენა.
"რა თქმა უნდა, იმ ხალხისთვის, ვისაც წაართვეს წყალი, საძოვარი, მიწა, ვენახი, ძნელია მათთვის, ამას მშვიდად შეხვდნენ და მე მათი მშვენივრად მესმის. მე ვიყავი განმუხურში, ამ წარმოუდგენლად ლამაზ, სამოთხის კუთხეში, სადაც ბოლო წლებში ასობით მილიონი ლარი დაიხარჯა ტურისტული ინფასტრუქტურის განვითარებაზე. რუსულ რუკაზე ეს საოცარი ადგილი მონიშნულია, როგორც აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებელი რესპუბლიკის ტერიტორია. თუ რუსები შემდეგ ნაბიჯად გადმოწევენ, მავთულხლართებში მოიქცევენ ამ აყვავებულ განმუხურს, მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და მოქალაქე, ამას მშვიდად ვერ შევხედავ. რა თქმა უნდა, მე არავის არ მოვუწოდებ ომისკენ, მით უმეტეს რუსეთთან ომისკენ, მაგრამ ჩვენ ბევრად ნაკლები დრო უნდა ვხარჯოთ საერთაშორისო არენაზე ერთმანეთთან დასაპირისპირებლად. ყველამ ერთად ხელები უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს იმისათვის, რომ მავთულხლართები მეტი აღარ იბმებოდეს ჩვენს ტერიტორიაზე. მე მოვისმინე პრემიერისგან, რომ რუსეთი აგრესორია და, როგორც პრეზიდენტი ვაცხადებ, რომ ეს მისასალმებელია და სწორი თეზისია. მაგრამ, იმავე დროს გაიჟღერა, რომ ქართულ მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა იმ ომზე. მინდა ვთქვა ორიოდ სიტყვა პასუხისმგებლობაზე. რა თქმა უნდა, მე მეკისრება პასუხისმგებლობა და ყველა ჩვენგანს ეკისრება პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა ჩვენი არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჰქონდა და აქვს რომელაშვილების ოჯახს, რომელსაც მე ვესტუმრე გლდანში, მისმა ოჯახმა მითხრა, რომ გრძნობენ პასუხისმგებლობას თავის დაღუპულ შვილზე და ისინი პასუხისმგებლობით განაგრძობენ საქართველოს სამასახურს. მე ვნახე გიორგი ანწუხელიძის დედა ქვემო ალვანში. მე ძალიან კარგად ვიცი, რომ როგორი ქალბატონია და როგორ პასუხისმგებლობას გრძნობს. ამაყად მომიყვა თავისი ოჯახის წევრებზე და ერთხელ არ დაუკვნესია. მე კატეგორიულად უარვყოფ, რომ საქართველოს რაიმე პასუხისმგებლობა აქვს 2008 წლის ომზე. სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ ბატონო ბიძინა, იმედია თქვენ დაუფიქრდებით ამ საკითხს, იმიტომ, რომ ვინც ამას ამბობს, ან არ უყვარს საქართველო, ან აქვს სხვა სახის პრობლემები, ან არის შეკრეული საქართველოს მტერთან. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ არ ხართ შეკრული საქართველოს მტერთან, იმედი მაქვს თქვენ აცნობიერებთ თქვენ პასუხისმგებლობას საქართველოს მომავალზე",-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდ "BULKELEY"-ზე გამართულ ოფიციალური საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.
აღნიშნულ ღონისზიებაზე საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს მასპინძლობას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი და ხომალდ "BULKELEY"-ს კაპიტანი უწევდნენ.
საზეიმო ღონისძიებას საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
ამერიკული სამხედრო საზღვაო ხომალდი "BULKELEY" საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 10 აგვისტოს შემოვიდა. 2 დღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები .