მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საქართველოს პრეზიდენტობის ერთ-ერთი პრეტენდენტი, ნიკოლოზ გორგიჯანიძე დარწმუნებულია, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მის ერთადერთ კონკურენტს - სატანას აუცილებლად დაამარცხებს და ქვეყნის პირველი პირი გახდება.
მისი თქმით, იგი საპრეზიდენტო პროგრამაზე რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა და საბოლოოდ შეჯერებული მთავარი წინასაარჩევნო დაპირებები - პენსიის 300 დოლარამდე გაზრდა, დიასახლისებისთვის თვეში 200 დოლარიანი კომპენსაცია და "უსაქმურებისთვის"100-დან 150 დოლარამდე ოდენობის სახელმწიფო დახმარება იქნება.
"ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, უსაქმურებს სპეციალური მოწმობებიც ექნებათ, რომელსაც წარადგენენ და ყოველთვიურ დახმარებას მიიღებენ. მე რომ მოვიდე პრეზიდენტად, ამის გარანტია გქონდეთ, ვფიცავ მაღლა ღმერთს, გაბრიელის სულს, საქართველოში დამწვრობის ცენტრი აღარ იქნება. თურმანიძის მალამო ყველას უფასოდ ექნება. საპატრიარქოს გადავეცემ პარლამენტის შენობას და დიდ ვატიკანს გავაკეთებ. მეცოდება ყველა, ვინც გვერდში არ ამომიდგება. მე უკვე სამოთხეში ვარ, მეშინია, იმიტომ, რომ ჩემს ქართველ ერში ვიღაცა არ იყოს ისეთი, რომელიც დაემორჩილოს სატანას და ხმა არ მომცეს,"- განაცხადა ნიკოლოზ გორგიჯანიძემ .
საქართველოში 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს ჩატარდება. არსებული ინფორმაციით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე დარეგისტრირებულია ქვეყნის პრეზიდენტობის 30-მდე კანდიდატი.