დღეს, 2 მარტს, სახელმწიფო კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, მინისტრთა კაბინეტს 54 საკითხი აქვს განსახილველი.
უფრო კონკრეტულად, აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები რუსეთის ფედერაციის აგრესის შედეგად გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების კონფლიქტის ზონის მომიჯნავე სოფლებში მცხოვრები დაზარალებული მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის კომპენსაციის შესახებ იმსჯელებენ.
გარდა ამისა, განიხილება სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ორგანიზებულად
განსახლების ობიექტების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ მთავრობის პროექტი, რომლის მომხსენებელიც ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი იქნება.
განსახილველ საკითხთა შორისაა, ასევე ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის
გამოყოფის შესახებ და საქართველოს საპატრიარქოსთვის სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული ქონების პირდაპირი წესით მიყიდვის შესახებ კანონპროექტებიც.
მთავრობის სხდომა 13:00 საათზე დაიწყება.