ქართული ციხიდან სულ ახლახანს გათავისუფლებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქე მარიკ დუდაევი აცხადებს, რომ ის საქართველოს წარმომადგენლებთან ქართულ ციხეებში მყოფი ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების წარმოებას აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მისი განმარტებით, კერძოდ, ის აპირებს მოლაპარაკებები გამართოს რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან პაატა ზაქარეიშვილთან.
„უკვე გათავისუფლებული დღეს მე აქტიურად ვმუშაობ იმაზე, რომ განვახორციელო ჩემი კარგა ხნის ოცნება - გავათავისუფლო ქართული კედლებიდან ის ბიჭები, რომლებიც ამ დრომდე იქ იმყოფებიან.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ოცნება ასრულდება და ეს მხოლოდ დროის საკითხია. მე მაქვს კავშირევი საქართველოში. როდესაც მაცილებდა, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა მითხრა, რომ ყოველთვის მზად არის ჩემთან საქმე ჰქონდეს. რამდენჯერმე მქონდა მასთან ურთიერთობა და ვიცი რომ ის სიტვებს ჰაერში არ არ ისვრის", _ განაცხადა დუდაევმა.
ამას გარდა, დუდაევის განცხადებით, ციხე რომელშიც ის საქართველოში იჯდა განსაკუთრებით საშიში დამნაშავეებისთვის იყო განკუთვნილი.
„ერთხანს იქ მცირე დროით ოსი ბიჭები გადმოიყვანეს, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი გორში 2005 წლის თებერვალში განხორციელებული ტერაქტის ბრალდებით.
პირადად მე მათ არ შევხვედრივარ, მაგრამ კრიმინალური ავტორიტეტების მეშვეობით „მოკითხვებს" ყოველთვის ვუგზავნიდი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი მფარველობის ქვეშ იმყოფებოდნენ და იქ მათ არაფერი ემუქრებოდათ.
მოგვიანებით ისინი სხვა ციხეში გადაიყვანეს, მაგრამ მე მგონია, რომ ისინი ახლაც აბსოლუტურად უსაფრთხოდ არიან",_ განაცხადა დუდაევმა.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის რაიონის სოფელ არცევის მკვიდრს, ნოდარ (მარიკ) დუდაევს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
ნოდარ (მარეკ) დუდაევს გათავისუფლების მოთხოვნას ოსური მხარე მისი დაკავების დღიდან 2004 წლის 16 მარტიდან აყენებდა. . დუდაევი სისხლით ოსი არ არის - ის წარმოშობით ჩეჩენია.
2005 წლის 25 ნოემბერს მარეკ დუდაევს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მკვლელობისთვის, გამომძალვებლობისა და ბანდიტიზმისთვის 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი სასჯელს ქართულ ციხეში იხდიდა.
აღსანიშნავია, რომ დუდაევის ცხოვრება ტრაგიკული ისტორიებით არის დამძიმებული. ჯერ კიდევ 13 წლის მოზარდმა საკუთარი თვალით იხილა მამის მკვლელობა, დის გაუპატიურება და დედის დაწვა. ეს დანაშაული დღემდე გამოძიებული არ არის.
ოსი სეპარატისტები ნოდარ (მარეკ) დუდაევის გათავისუფლებას, ნებისმიერ ფასად, მისი დაკავების დღიდან მოითხოვდნენ. როგორც ჩანს, დუდაევი ქართველი სამართალდამცველებისთვისაც ძვირად ფასობდა, რადგან იგი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში დაპატიმრებულ ქართველ სამხედრო ტყვეებზეც კი არ გაცვალეს.
2005 წლის 8 ივლისს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტურ ზონაში მცხოვრებმა ქართველებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ცხინვალი-ვლადიკავკაზის ავტომაგისტრალი გადაკეტეს და მოითხოვეს, სეპარატისტულ ე.წ. ხელისუფლებას გაეთავისუფლებინა მათი თანასოფლელები, რომლებიც იმხანად ტყვეობაში იმყოფებოდნენ. რუსეთის ე. წ. სამშვიდობო ძალების სარდლის გენერალ მარატ კულახმეტოვის მცდელობის მიუხედავად, აქცია არ ცხრებოდა. ცხინვალმა ქართველი ტყვეების გათავისუფლების სანაცვლოდ მყისვე მარეკ დუდაევის გათავისუფლება მოითხოვა. საქართველოს შსს-მ მაშინაც პირდაპირ განაცხადა, რომ დუდაევის გაცვლას არ დათანხმდებოდა.
2007 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართულ მხარეს მარეკ დუდაევი ძმებ ხაჭაპურიძეებში უნდა გაეცვალა. თუმცა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მაშინდელი ე.წ. შს მინისტრის მიხეილ მინძაევის ცნობით, გაცვლა არ შედგა.
მარიკ დუდაევი ქართულმა მხარემ 2013 წლის 8 ივნისს გაათავისუფლა.