დღეს გორში ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. ფიცი გორის ცენტრში 760-მა სამხედრო მოსამსახურემ დადო. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურის მთავარ მოვალეობას - სამშობლოს დაცვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ჯარისკაცებს კარიერული წინსვლა უსურვა. „ჯარისკაცებო, თქვენ დღეს სამშობლოს დამცველები გახდით. დღეიდან საქართველოს დაცვა არის თქვენი მთავარი მოვალეობა და თქვენი ღირსების საქმე. თქვენ დღეს ფიცი დადეთ იმ ადგილას, სადაც ხუთი წლის წინ ქართველმა სამხედროებმა მტერსაც და მოყვარესაც აჩვენეს, რომ სამშობლოს დაცვაზე ღირსეული საქმე არ არსებობს - რომ იგი უმაღლეს ღირსებას მოითხოვს და რომ მას უმაღლესი ღირსება მოაქვს. ეს კი ყველაზე დიდი ჯილდოა თავისუფალი და თავმოყვარე კაცისთვის.
მრავალრიცხოვანი მტრების მიუხედავად საქართველო არაერთხელ წამოდგა ფეხზე, და ისევ გაიმართება წელში. ქართული სახელმწიფო საერთოდ, რომ არსებობს, ეს თქვენნაირი მამულიშვილების, პატრიოტების დამსახურებაა.
როდესაც იცვამ სამხედრო ფორმას, უკვე გაცნობიერებული გაქვს, რომ შენს სიცოცხლესაც კი შეელევი, თუ ამას შენი ღირსება და სამშობლოს დამოუკიდებლობა მოითხოვს. სწორედ ამიტომაა საამაყო, რომ გერქვას ჯარისკაცი, გერქვას მეომარი, და ღირსეულად იცავდე ქვეყანას.
ჩვენ ვიმყოფებით ოკუპაციის ხაზიდან რამდენიმე კილომეტრში. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანისათვის მძიმეა ეს, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ჩვენი მთავარი იარაღი, რომელიც ყოველთვის ყველაზე თანამედროვე იარაღია, არის მეომრის გაუტეხელი სული.
საქართველოს შეიარაღებული ძალები იყო და იქნება ჩვენი სამშობლოს, საქართველოს, დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი. ძლიერ არმიასთან ერთად ძლიერი ეკონომიკა, სამართლიანი სასამართლო და განათლებული საზოგადოება ჩვენს დემოკრატიულ სახელმწიფოს მიმზიდველს გახდის ჩვენი ოსი და აფხაზი ძმებისთვის.
თქვენ უნდა ისწავლოთ სამხედრო საქმე და შეიძინოთ განათლება. მხოლოდ ასე შევუწყობთ ხელს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, რაც გარდაუვლად მიგვიყვანს ჩენი სამშობლოს დაჭრილი სხეულის გამთლიანებამდე. საქართველოს დამცველებო, ღმერთი იყოს ყოველი თქვენგანის და მთელი ჩვენი შეიარაღებული ძალების მფარველი", - აღნიშნა ალასანიამ.
ფიცის დადების ცერემონიას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წევრები, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე გორის მოსახლეობაც მივიდა.