"კოალიციაში არის ხალხი, რომელთაც რუსეთთან მიმართებით რბილი პოზიცია აქვს, მაგრამ პირადად ჩემი და "რესპუბლიკური პარტიის" პოზიცია, და პრინციპში, „ქართული ოცნების" პოზიციაც "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციისგან არსებითად არ განსხვავდება,"- ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზურაბიშვილმა "ლიბერალისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
როგორც ზურაბიშვილმა რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის მიერ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-სთვის მიცემულ ინტერვიუში გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა, "საქართველოში რუსეთის ინტერესები რაც არის, ამაზე "ნაციონალურ მოძრაობასთან" დიდად სადავო არაფერი აქვს".
"მედვედევს ახალი არაფერი უთქვამს, რაც იყო რუსეთის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში საუკუნეების წინ, იგივეა ახლაც - საქართველო იყო და უნდა იყოს რუსეთის ექსკლუზიური გავლენის ქვეშ, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, რა გვაქვს გასაყოფი, ვჭამოთ, ვსვათ, ვიმხიარულოთ და ვიცხოვროთ ბედნიერად... ძლიერი, სუვერენული საქართველო, რომელიც დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს, რუსეთისთვის მისაღები არ არის. კავკასია რესურსებით მდიდარი ცენტრალური აზიისა და ევროპის დამაკავშირებელია და რუსეთს თუ აქ სრული გავლენა სჭირდება, რადგან ორივე რეგიონში დიდი ინტერესები აქვს. ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო კი რუსეთს ინტერესებს ეწინააღმდეგება. აქ ახალი არაფერია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ რუსებს დედა უნდა ვაგინოთ ყოველ დღე, მაგრამ იმის ილუზია, რომ რუსეთი სწრაფად შეეგუება ჩვენს სწრაფვას ნატოსა და ევროკავშირში, არ უნდა გვქონდეს. "ნაციონალური მოძრაობის" პრობლემა იყო ის, რომ რუსეთის მიმართ ხშირად არაკორექტულები იყვნენ, თითქოს მიზეზებს ეძებდნენ სიტუაციის კიდევ უფრო დასაძაბად. არანაირ პრობლემას არ ვხედავ რუსეთთან სპორტულ და კულტურულ ურთიერთობებში, ოღონდ, პოლიტიკურ ინტერესში უნდა ვიყოთ შეუვალი, მტკიცე და ხისტი,"- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.