"მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალულმა გმირებმა თავი შესწირეს ქვეყნის მთავარ მიზანს და იმ ევროატლანტიკურ კურსს, რომელზეც დღეს ქვყანა დგას,"- ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ალექსი პეტრიაშვილმა მუხათგვერდის სამხედრო მოსამსახურეთა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისათვის პატივის მიგების შემდეგ ისაუბრა.
მინისტრის თქმით, "2008 წლის ომში დაღუპული გმირები საქართველოს სახელმწიფოს უკეთეს მომავალს და მომავალი თაობების გრძელვადიანი პერსპექტივების უზრუნველყოფას შეეწირნენ".
"ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ადამიანებმა, მართლაც ჩვენი ქვეყნის სასახელო ვაჟკაცებმა ზუსტად თავი დადეს იმისთვის, რომ მომავალ თაობებს, ჩვენს შვილებს, შვილთაშვილებს ჰქონდეთ უსაფრთხო, გრძელვადიანი სტაბილურობის, კეთილდღეობის და ყოველივე საუკეთესოს განცდა. ქედს ვიხრი მათ წინაშე, მადლობას ვუხდი მათ ოჯახებს და კიდევ ერთხელ მინდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მივმართო, რომ ყოველთვის გვახსოვდეს ეს უმნიშვნელოვანესი დღე,"- განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 5 წელი შესრულდა. ოფიციალური მონაცემებით, 5-დღიან ომში საქართველომ 170 სამხედრო, 14 - პოლიციელი და 220 - სამოქალაქო პირი დაკარგა. საომარი მოქმედებების შედეგად, 2 234 ადამიანი დაიჭრა და 26 000 დევნილად იქცა.