„ჩვენსა და საქართველოს შორის საზღვარია", _ განაცხადა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა „გოლოს როსიისათის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოსთან ურთიერთობებზე პასუხის გაცემისას. ამასთან ერთად აღსანიშნავია ისიც, რომ ჟურნალისტმა ანქვაბს ცალკე კითხვა აჭარასთან არსებულ ურთიერთობებზე დაუსვა , რამაც აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის გაკვირვება გამოიწვია.
„არ მესმის, რატომ ახსენეთ აჭარა ცალკე. ჩვენ აჭარასთან, როგორც საქართველოს რეგიონთან არავითარი ურთიერთობები არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ერთი ზღვაა აქაც და იქაც", - განაცხადა ანქვაბმა.
ხოლო, რაც შეეხება საქართველოს, ანქვაბის თქმით, აუცილებელია წერტილის დასმა იმ ომთან რომელიც იყო.
„ჩვენ მშვიდობიანი ცხოვრება გვინდა. ჩვენ არაერთგზის დაგვიყენებია საქართველოს ხელისუფლების წინაშე სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების საკითხი. წერტილი უნდა დაესვას იმ ომს რომელიც იყო.
მაგრამ დადებითი იმპულსები იქითა მხრიდან სამწუხაროდ არ არის. ჩვენ ნორმალური მეზობლობა შეგვიძლია. ჩვენ მიგვაჩნია რომ სხვა ბედი არ გვაქვს და წარსულში დაბრუნება არ იქნება", _ განაცხადა ანქვაბმა.