სოხუმის დრამატული თაატრის ყოფილი ხელმძღვანელი, მსახიობი დიმა ჯაიანი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის მინისტრად მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ გაკეთებულ განცხადებას უარყოფს.
როგორც ჯაიანმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, "მას მსგავსი განცხადება არც ერთ მედიასაშუალებასთან არ გაუკეთებია და თუ რაიმე მსგავისი ინფორმაცია გავრცელდა "ვიღაცის მოგონილია".
"მე გეტყვით იმ ინტერვიუში რა მოხდა და როგორ მოხდა. ნორმალურად არც მესმოდა, სენაკიდან მოვდიოდი და ინტერვიუ ტელეფონის მეშვეობით გზაში, მანქანაში ჩავაწერინე. მეკითხებოდნენ ბიჭვინთის მონასტერში საორღანო კონცერტების ჩატარებასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო გამოსვლის თაობაზე და ვთქვი, რომ, მე, რომ აფხაზეთის კულტურის მინისტრი ვყოფილიყავი, შესაბამის ზომებს მივიღებდი. არსად მითქვამს, რომ მინისტრად ვინიშნები. ჯერ თეატრიდან გამოგდებული კაცი ვარ და ამ უსამართლობის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლო. არჩევნების შემდეგ, იმავე დღეს სოხუმის თეატრში უნდა შევსულიყავი და "პანღურით" გამომეყარა ისინი. დეგენერატი, გარეწარი სააკაშვილის დამსახურებით, თეატრი დამატოვებინეს,"- განაცხადა დიმა ჯაიანმა.
კითხვაზე, შეთავაზების შემთხვევაში, დასთანხმდება თუ არა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის მინისტრის პოსტზე მუშაობას, დიმა ჯაიანმა დადებითად უპასუხა.
"არათუ კულტურის მინისტრობას, სოხუმის თეატრის ხელმძღვანელადაც დავბრუნდები, თუმცა ჯერ-ჯერობით არავითარი მსგავსი საუბრები არ ყოფილა,"- განაცხადა ჯაიანმა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამაც გააკეთა.
ყოლბაია აფხაზეთის განათლების და კულტურის მინისტრის პოსტზე სოხუმის დრამატული თეატრის ყოფილი ხელმძღვანელის დიმა ჯაიანის შესაძლო დანიშნვას ამ ეტაპზე არ ადასტურებს.
"ჯერ-ჯერობით აფხაზეთის ყველა სამინისტროში მუშაობენ მინისტრის მოვალეობის შემსულებლები და დაკისრებულ მოვალეობას თავს ისინი ართმევენ,"- განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
"ჯი-ეიჩ-ენის" კითხვაზე, მინისტრების მოვალეობის შემსრულებლების გათავისუფლების შემთხვევაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის პოსტზე განიხილება თუ არა დიმა ჯაიანის კანდიდატურა, ყოლბაიამ განაცხადა, რომ "ამ ეტაპზე ამ საკითხზე ვერაფერს iტყვის".
შეგახსენებთ, მსახიობ დიმა ჯაიანის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად მისი შესაძლო დანიშნვის თაობაზე გაკეთებული განცხადება "კვირის პალიტრამ" გაავრცელა.
"საიდუმლოს გაგიმხელთ, საუბარია, რომ ამ დღეებში აფხაზეთის კულტურის მინისტრად დავინიშნო"- ნათქვამია "კვირის პალიტრის" მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში.