საპარლამენტო უმცირესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, "რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის მიერ ტელეკომპანია "რუსთავი2"-სთვის მიცემულ ინტერვიუში გაკეთებული განცხადებებით საქართველოს ევროატლანტიკურ მისრაფებასთან დაკავშირებით ღია მუქარა გაისმა".
როგორც წიკლაურმა დღეს უმაღლესი საკანონმდებლო რიგგარეშე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, " საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობის კუთხით ახალი სტრატეგია უნდა წარმოადგინოს და გააცნობიეროს, რომ საქართველოს და რუსეთს შორის არის ფუნდამენტური პრობლემა და არა - ლიდერებს შორის დაპირისპირება".
მისივე თქმით, "ახლა საქართველოს ხელისუფლებამ მის მიერ წარმოდგენილ და დამარცხებულ საგარეო პოლიტიკაზე უარი უნდა თქვას".
" 5 წლის წინ, აგვისტოში საქართველოში შემოიჭრნენ რუსეთის შეიარაღებული ფორმირებები. მინდა გავიხსენო ევროკავშირის ფაქტების დამდგენი კომისიის საბოლოო დასკვნა, სადაც ცალსახად წერია, რომ იმ დროისთვის, როცა ქართულმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართულებით დაიწყეს გადაადგილება, ამ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, როგორც ბანდიტური დაჯგუფებები, ისე ოსური შეიარაღებული დაჯგუფებები და რუსეთის შეიარაღებული ძალების ოფიციალური ფორმირებები. ვფიქრობ, ყოველგვარი საუბარი იმაზე, როგორ მოხდა ამ კონფლიქტის დაწყება, ყოველგვარ აზრს მოკლებულია. სწორედ ამიტომ არის სამწუხარო ის განცხადებები, რომელსაც ჩვენ ვისმენდით გარკვეული ხნის წინ, როცა ამბობდნენ, რომ ომი საქართველომ დაიწყო. თქვენი პოლიტიკური ძალა საქართველოს და წინა ხელისუფლებას ბრალს სდებდა იმაში, რომ საკუთარ ტერიტორიაზე დაიწყო ომი, რაც იყო დაუშვებელი უპასუხისმგებლობა. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოხვედით, ეს ყველაფერი უკვე ოფიციალური პოზიცია გახდა. მედვედევის გუშინდელმა პოზიციამ და მისმა განცხადებებმა, რომ ინტერვენცია, ოკუპაცია და ეთნიკური წმენდა არის გამართლებული, მისმა პოზიციამ, რომ საქართველოს საერთოდ არ აქვს საგარეო პოლიტიკური კურსის დამოუკიდებლად ფორმირების უფლება და ა.შ. ისევე როგორც ღია მუქარა გაისმა საქართველოს ევროატლანტიკურ მისრაფებასთან დაკავშირებით და სწორედ ამ კონტექსტში ითქვა, რომ გახსოვდეთ, რომ ჩვენ ვართ ბირთვული სახელმწიფო. გამოდის, რომ ამ ინტერვიუდან გავიგეთ, რომ საქართველო არის აგრესორი. ამ საკითხებზე საქართველოს პოზიცია არ ვიცით, მოვისმინეთ მხოლოდ გია ვოლსკის ინტერვიუ, სადაც ამბობდა, რომ მხოლოდ პოზიტიური გზავნილები უნდა ამოვიღოთ მედვედევის ინტერვიუდან, მაგრამ მე ვერ ვნახე პოზიტივი მედვედევის გზავნილებში. მიმაჩნია, რომ ახლა უარი უნდა ითქვას იმ პოლიტიკაზე, რომელიც დამარცხდა და რომელიც თქვენს მიერ იყო წარმოდგენილი. თქვენ უნდა წარმოადგინოთ ახალი სტრატეგია. გავაცნობიეროთ, რომ საქართველოს და რუსეთს შორის არის ფუნდამენტური პრობლემა და არა - ლიდერებს შორის დაპირისპირება. ამის გააზრების გარეშე თქვენ აზიანებთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დიმიტრი "ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება არჩევანი ამა თუ იმ სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის სასარგებლოდ გააკეთოს, თუმცა, რუსეთს, როგორც დიდი ბირთვული არსენალის მქონე ქვეყანას ამ ფაქტის იგნორირება არ შეუძლია".