"ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ ურცხვი და ცინიკური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, როცა მედვედევი ცდილობდა, ოკუპაცია გაემართლებინა"- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოკა გაბაშვილი რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის მიერ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-სთვის მიცემულ ინტერვიუში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.
როგორც გაბაშვილმა დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, "იგი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობა არც ისეთი გულუბრყვილო იქნება, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის სატყუარა გადაყლაპოს".
"მედვედევმა გუშინ განაცხადა, რომ ურთიერთობების აღდგენა საქართველოსთან შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველო შეეგუება ე.წ. ახალ რეალობას და ეს ახალი რეალობა სხვა არაფერია, თუ არა რომ ამიერკავკასიაში 5 სახელმწიფოა და არა სამი და რომ რუსეთს საქართველოში სამი საელჩო ექნება და არა ერთი. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს არ აქვს უფლება ჰქონდეს დამოუკიდებელი საგარეო კურსი და რუსეთი ყოველთვის შეეწინააღმდეგება საქართველოს სწრაფვას ევროატლანტიკური სივრცისაკენ და საქართველოს გაერთიანებას ნატო-ში. გუშინ ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ ურცხვი და ცინიკური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, როცა მედვედევი კიდევ ერთხელ ცდილობდა გაემართლებინა საქართველოს ოკუპაცია. გაემართლებინა საქართველოში შემოჭრა, ეთნიკური წმენდა, მაშინ, როცა ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს არ არის არანაირი ეთნიკური კონფლიქტები. ახალი რაც იყო, ეს იყო სითბოსა და სიყვარულის ნოტები ხელისუფლების მიმართ, მათ თქვენ რომ მოსწონთ ახალი მიდგომები და ჩვენ ეს გვესმის, რადგან თუ საქართველომ თქვა, რომ მან დაიწყო ომი და ყველაფერში დამნაშავე ჩვენი ქვეყანაა, ეს რუსეთს მოეწონება და გააძლიერებს რუსეთის პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ არც ისეთი გულბრყვილო იქნება ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება და ამ სატყუარას გადაყლაპავს", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.