„ახალი დიმიტრი მედვედევის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებში არაფერი ყოფილა, გარდა რამდენიმე ბუნდოვანი ნიუანსისა",_ განაცხადა რუსეთის პრემიერ მინისტრის დიმიტრი მედვედევის მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-თვის მიცემული ინტერვიუს შეფასებისას სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ.
„ახალი ჩემთვის მედვედევის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებში არაფერი ყოფილა. შეიძლება რამდენიმე ნიუანსი იყო, ისიც ბუნდოვანი ნიუანსი, რომ აი მომავალში შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს და ა.შ. ამას ერთგვარად შეიძლება დავარქვათ ანკესი, ასევე შეიძლება დავარქვათ ჟესტი ქართული საზოგადოების მიმართ. მეტი არაფერი განსაკუთრებული", _ აცხადებს არეშიძე და აღნიშნავს, რომ ჟურნალისტი ცდილობდა, რომ კონკრეტულ შეკითხვაზე კონკრეტული პასუხები მიეღო რუსეთის პრემიერისგან, მაგრამ - ეს არ გამოვიდა.
ამას გარდა, არეშიძე იმედისმომცემსაც ვერ უწოდებს რუსეთის პრემიერის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებების და აცხადებს, რომ ზოგადად, პოლიტიკური კონიუქტურა მსოფლიოში ყოველთვის იყო და არის ისეთი, რომ დიდი სახელმწიფოები გადაწყვეტილებას სიტუაციიდან გამომდინარე იღებდდნენ.
„საქმე იმაშია, რომ პოლიტიკური კონიუქტურა ისეთია საერთოდ მსოფლიოში და ყოველთვის ისეთი იყო, რომ დიდი სახელმწიფოები გადაწყვეტილებას იღებდდნენ სიტუაციიდან გამომდინარე. მართალია ეს დროში იყო ყოველთვის გაწელილი, მაგრამ მაინც. გამომდინარეობდდნენ იქიდან თუ სიტუაცია, რამდენად სარგებლიანია მათთვის.
ამის უამრავი მაგალითი არსებობს, თუნდაც სადამ ჰუსეინი ჯერ ამერიკის მოკავშირე იყო, შემდეგ კი სიტუაცია შიცვალა. რუსეთის შემთხვევაშიც არაერთხელ ყოფილა ასეთი რამ",_ აცხადებს არეშიძე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იმედი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა, არა მხოლოდ მედვედევუს განცხადებებისგან გამომდინარე რა თქმა უნდა არსებობს და ამას დიდი პოლიტიკის მიმართ ქართული ინიციატივები სჭირდება.
„იმედი თავისთავად არსებობს, არა მხოლოდ მედვედევის განცხადებების გამო. იმედი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა არსებობს,მაგრამ ამას სჭირდება ქართული ინიციატივები და არა მხოლოდ დასავლეთისა და რუსეთის მიმართ, არამედ დიდი პოლიტიკის მიმართ.
მაგრამ ჩვენ ვერ ვახერხებთ გეოპოლიტიკური ანალიზს და შემდგომში ინიციატივების, პროექტების კონსილიდირებულად შეთავაზებას", _ აცხადებს ექსპერტი და აღნიშნავს, იმასაც რომ რუსეთის მზაობა ჩვენს მიერ შეთავაზებული ინიციატივების მიღებაზე იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რა პოლიტიკურ სარგებელს დაინახავს იგი ამაში,
„მზაობა პოლიტიკური სარგებლიდან არის გამომდინარე. დღეს რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა მაგალითად პოლიტიკური ისლამი. ჩვენ ვერ მოვახერხეთ ამ კონტექსტში რუსეთთან თანამშრომლობის ფორმატის შექმნა. ეს არის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ცივილიზებული სამყაროსათვის. არის რა თქმა უნდა სხვა საკითხებიც და დღეს კონსოლიდირებული მიდგომა ამ საკითხის მიმართ საზოგადოებისა და ხელისუფლების უაღრესად ეფექტური იქნება. დღეს ამაზე ასეთი ეფექტური მუშაობა არ მიმდინარეობს", - განაცხადა არეშიძემ და მედვედევის მიერ საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღების საკმაოდ ბუნდოვან პასუხზე გაამახვილა ყურადღება.
არეშიძე აცხადებს, რომ რუსეთიც და ნებისმიერი სახელმწიფო პოლიტკური სარგებლიდან გამომდინარე ნებისმიერ ნაბიჯზე წავა რომელიც მათთვის იქნება მომგებიანი.
„ვიმეორებ, რუსეთიც და ნებისმიერი სახელმწიფო პოლიტკური სარგებლიდან გამომდინარე ნებისმიერ ნაბიჯზე წავა რომელიც მათთვის არის მომგებიანი.
ამის შანსი არსებობს. გასული საუკუნის 40-იან წლებში არსებობდა ასეთი სახელმწიფო მანჯოუ -გო, რომელიც 36 სახელმწიფომ აღიარა. დღეს ეს სახელმწიფო არ არსებობს. ამის გაკეთება შესაძლებელია, მართალია მაშინ ობიექტური რეალობები იყო, მაგრამ დღესაც შესაძლებელია ამის გაკეთება, მაგრამ ამას სჭირდება ძალიან სერიოზული მუშაობა", _ აცხადებს მამუკა არეშიძე სააგენტოსთან საუბარში.