საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი ბრიუსელში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს ევროპარლამენტში ჯანმრთელობის უფლებებსა და ათასწლეულის განვითარების მიზნების (MDG) თემაზე გამართულ კონფერენციაში, რომელშიც 50-ზე მეტი ევროპარლამენტისა და ევროპის ქვეყნების პარლამენტის წევრი მონაწილეობს.
კონფერენციის ძირითად განსახილველ თემებს წარმოადგენს: ათასწლეულის განვითარების მიზნების შესრულება, უფრო კონკრეტულად კი დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის, შიდსის, ტუბერკულოზის საკითხები; საერთაშორისო დახმარების ტენდენციები; პარლამენტის წევრთა როლი ათასწლეულის განვითარების მიზნების განხორციელებაში.
კონფერენციაზე დაგეგმილია გიორგი წერეთლის სიტყვით გამოსვლა, იგი წარმოადგენს როგორც საქართველოს პარლამენტს, ასევე მოსახლეობისა და განვითარების ევროპის საპარლამენტო ფორუმს (EPF), რომლის ვიცე-პრეზიდენტად იგი 2009 წელს 3 წლის ვადით აირჩიეს.
ბრიუსელში ასვევ გაიმართება EPF-ის აღმასრულებელი კომიტეტისა და გაფართოებული საბჭოს სხდომა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი წარუძღვება. სხდომაზე EPF-ის ახალ პრეზიდენტად არჩეული იქნება ბელგიის პარლამენტის წევრი, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ჰილდა ვაუტმანსი, რომელიც საქართველოში აგვისტოს ომის შემდგომ EPF-ის სპეციალურ ფაქტების შემსწავლელ მისიას ხელმძღვანელობდა.
ბრიუსელში გიორგი წერეთელი ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს ევროპელ პარლამენტარებთან