თუ საქართველო გახდება სხვა სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის წევრი, ჩვენ ამ ფაქტის იგნორირება არ შეგვიძლია, - ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა. მისივე თქმით, ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება არჩევანი, ამა თუ იმ სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის სასარგებლოდ გააკეთოს, თუმცა, რუსეთს, როგორც დიდი ბირთვული არსენალის მქონე ქვეყანას, ამ ფაქტის იგნორირება არ შეუძლია.
მდვედევმა ასევე აღნიშნა რომ რუსეთს არც ის მოსწონს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები ნატოს წევრები არიან, თუმცა მისი თქმით, ისინი "სტაბილური მეზობლები" არიან.
„თუ საქართველო, ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა - არა აქვს მნიშვნელობა, უკრაინა, ან სხვა რომელიმე, გახდება სხვა სამხედრო- პოლიტიკური ალიანსის წევრი, ჩვენ ამ ფაქტის იგნორირება არ შეგვიძლია. ეს საქართველოსთვისაც ცუდია. თქვენ ამით თითქმის არაფერი შეგემატებათ, რადგან თანამედროვე მსოფლიოში სამხედრო კონფლიქტები დაუშვებელია. სხვათა შორის, ეს მაგალითი აჩვენებს, რომ არ გამართლდა ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის გათვლა იმაზე, რომ მსგავს სიტუაციებში ნატო არ მისცემდა ჩარევის საშუალებას, ან კიდევ რაღაც მოხდებოდა. ეს იმიტომ, რომ საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა სხვა, გაცილებით უფრო სერიოზული ფასეულობები. ასე რომ, ამ შემთხვევაშიც არაფერი შეემატება საქართველოს, როგორც სუვერენულ, კარგად განვითარებად ქვეყანას, ამავე დროს კი ჩვენ ქვეყნებს შორის შექმნის მრავალწლიანი დაძაბულობის წყაროს", - განაცხადა მედვედევმა.