რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის განცხადებით, "რუსეთის ფედერაციისთვის რა თქმა უნდა, პრობლემაა, რომ მას საერთაშორისო საზოგადოება ოკუპანტად აფასებს". ამის შესახებ მედვედევმა ტელეკომპანია "რუსთავი"-ის ჟურნალისტ ნინო შუბლაძისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ "მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების განსხვავებული პოზიციისა, რუსეთის ფედერაციის მიერ აგვისტოს მოვლენებისთვის მიცემული კვალიფიკაცია იგივე რჩება და ის საერთაშორისო სამართლის ზოგად პრინციპებს და გაერო-ს წესდებას ეყრდნობა, რომელიც თავდაცვის უფლებას და სამხედრო აგრესიისთვის სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე პასუხის გაცემას გულისხმობს.
"ეს სიტუაცია დღემდე არ არის ბოლომდე მოგვარებული. ეს რა თქმა უნდა, პრობლემაა. არ ვიქნებოდი სამართლიანი სხვანაირად რომ მეთქვა, მაგრამ მთავარი ხომ ის არის, რა კვალიფიკაციას მივცემთ ამ ქმედებებს. შეფასება შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს - ისეთიც, როგორიც თქვენ თქვით, ისეთიც - როგორი კვალიფიკაციაც ჩვენ მივეცით და რომელსაც სხვათაშორის, შემდგომ დაეთანხმა მთელი რიგი სხვა სახელმწიფოებისა. ჩვენ დავეყრდენით და ვეყრდნობით იმას, რომ ამ პერიოდში რუსეთის ფედერაციამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად, მოახდინა თავდაცვის უფლების რეალიზება. მას შემდეგ, რაც სამხედრო დარტყმები განხორციელდა ჩვენს სამშვიდობო ფორმირებებზე. დაიღუპა ხალხი და ამას ახლა კომისიების მუშაობის შემდეგ, ყველა აღიარებს და სხვათა შორის, იმ ადამიანთა მნიშვნელოვანი ნაწილიც, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ - საქართველოს მოქალაქეები. ეს ერთი, და მეორე - ის ადამიანები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები იყვნენ და იმ მომენტში ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, ასევე დაზარალდნენ და დაიღუპნენ. ამიტომ, ჩვენს მიერ მიცემული კვალიფიკაცია რჩება იგივე. ის ეყრდნობა საერთაშორისო სამართლის ზოგად პრინციპებს და გაერო-ს წესდებას, თავდაცვის უფლებას, რომელიც გულისხმობს პასუხის გაცემას სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. სამწუხაროდ, კაცობრიობის ისტორიაში ეს ხდებოდა და დღემდე ხდება, - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.