საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, საქართველოს უმაღლსი საკანონმდებლო ორგანოს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კობა დავითაშვილის განცხადებით, „მთავრობა დესტრუქციულ ოპოზიციას ჰგავს, რომელიც ხელისუფლებას მხოლოდ აკრიტიკებს, მაგრამ სანაცვლოდ არაფერს სთავაზობს".
აღნიშნული განცხადება დავითშვილმა დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო დაზღვევის ფონდის შექმნის შესახებ მის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას გააკეთა. .
დავითაშვილის წინადადებას, რომელიც არამომგებიანი, ფიზიკური პირის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის 1/3-ით, საბიუჯეტო დოტაციით, ასევე შემოწირულობებით დაფინანსდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაზღვევის ფონდის დაარსებას ითვალისწინებს, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს იურიდიულ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებმა მხარი არ დაუჭირა.
აღნიშნულ საკანონმდებლო პროექტს მხარს არც მთავრობა უჭერს, რომელმაც დავითაშვილის ინიციატივაზე უარყოფითი დასკვნა წარადგინა.
„საყოველთაო დაზღვევის არამომგებიანი ფონდით უზრუნველყოფა "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირება იყო და ასახულია მთავრობის პროგრამაშიც. ასე, რომ, ეს კანონი მე არ უნდა შემომქონდეს, ის უნდა შემოჰქონდეს მთავრობას, რადგან სწორედ მას ჰქონდა გაცხადებული, რომ 1 ივლიდან საყოველთაო დაზღვევა უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა 1 ივლისიდან საყოველთაო დაზღვევა არ დაწყებულა, დაიწყო შემავსებელი პროგრამა, რომ თუ ვინმე, სადმე დაზღვეული არ არის, მთლად უპატრონოდ არ იყოს. ეს კარგი და მნიშვნელოვანია, მაგრამ საყოველთაო დაზღვევა არ არის. საყოველთაო დაზღვევა არის აი, ეს მოდელი, რომელიც ასახული იყო საარჩევნო პროგრამაში და არის მთავრობის პროგრამაშიც. თუკი მთავრობას წარმოდგენილი მოდელი არ მოსწონს, მიკვირს, რატომ არ აქვს ალტერნატიული პროექტი და რატომ ჰგავს მთავრობის დასკვნა დესტრუქციული ოპოზიციისას, რომელიც ხელისუფლებას მხოლოდ აკრიტიკებს, მაგრამ სანაცვლოდ არაფერს სთავაზობს. როდესაც პარლამენტის წევრის წინადადება არ მოგწონს და აკრიტიკებ, როცა ხარ მთავრობა, საკუთარი ალტერნატივა ხომ უნდა გქონდეს?! შენ რომ დაპირება გაქვს შესასრულებელი, საყოველთაო ჯანდაცვა გაქვს ასამოქმედებელი, დავითაშვილის პროექტი თუ არ მოგწონს, შენი რა არის? და შენი თუ არ გაქვს, მაშინ რას ჰგავს ეს პოზიცია? მნიშვნელოვანია, კერძო სადაზღვევო კომპანიებს სახელმწიფო თანხები რაც შეიძლება, მალე ჩამოერთვათ და საყოველთაო დაზღვევის ფონდში გადაინაცვლოს. მომგებიან სადაზღვევო კომპანიებს სახელმწიფო ფულს მსოფლიოს არც ერთ ქვეყნაში არ აძლევენ", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.