შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაულის სტატისტიკაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ დაახლოებით 30%-თ არის შემცირებული დანაშაული და ამდენივე - 30%-თ არის გაზრდილი გახსნილი დანაშაულის პროცენტულობა.
"4000 ერთეულით არის შემცირებული დანაშაული, რაც არის მე ვფიქრობ, ძალიან დიდი წარმატება, იმ დროს როცა 14 000 პატიმარია ციხის გარეთ გამოსული. იცით, რომ ჩვენ ძალიან დიდი გამოწვევები გვქონდა. დანიშვნის დღიდან ჩვენ პრაქტიკულად შეუსვენებლად ვმუშაობდით იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაგვეცვა ჩვენი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. და სიამაყით მინდა ვთქვა რომ ეს თითოეული პოლიციელის დამსახურებაა. მე ნამდვილად ვულოცავ ყველა პოლიციელს ამ წარმატებას. მთელი პოლიცია არის ძალიან მოტივირებული, ძალიან ორგანიზებული და მართლაც მიხარია, რომ ეს არის შედეგი იმისა, რომ 9 თვის თავზე მივიღეთ დეპოლიტიზირებული პოლიცია, ჩვენ მივიღეთ მოტივირებული პოლიცია, უფრო
მობილიზებული და რაც მთავარია მათი საქმიანობა არის ძალიან წარმატებული. ეს არის ჩვენი 9 თვის წარმატებული საქმიანობის შედეგი. დანაშაული, როგორც გითხარით, არის შემცირებული. 53,3% შეადგენს გახსნის მაჩვენებელი, მაშინ როცა გასულ წელს იყო ამის ნახევარი, უფრო ნაკლები - 23%. ამ მხრივ ძალიან სტაბილური მდგომარეობაა საქართველოში. კრიმინალი ყოველთვის ხდება ყველა ქვეყანაში. მე უბრალოდ მოვუწოდებ ყველას, მათაც ვისაც არ უხარია ჩვენი წარმატება, ყოველთვის ახსოვდეთ მთავარი: ჩვენ ყველანი ვემსახურებით ერთ საქმეს. ეს არის ჩვენი ქვეყანა და ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები. ის
ვისაც არ უხარია პოლიციის წარმატება - არის ჩვენი ქვეყნის მტერი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.