საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძია ივანიშვილის განცხადებით, "დღეს ქვეყანა სწორი გზით მიდის, მაგრამ საქართველოს მიზნების მისაღწევად ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა სჭირდება".
ამის შესახებ პრემიერი გამოცემა "Wall Street Journal"- ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - "პროგრესი პრაგმატიზმის გზით" საუბრობს და აღნიშნავს, რომ "საქართველოს მთავრობა ცდილობს ოპოზიციასთან თანამშრომლობას და პრაგმატული პოლიტიკის და კონკრეტული რეფორმების გატარებას ქვეყნის მოდერნიზებისა და სრულყოფილი დემოკრატიის მიღწევისთვის".
ბიძინა ივანიშვილი ასევე წერს, რომ "სიტყვა "პრაგმატულში" ცივი ომის დასრულება და უპასუხისმგებლო ქმედებებისთვის თავის არიდება იგულისხმება, რამაც მისი თქმით, ქვეყანა 2008 წლის საომარ კონფლიქტამდე მიიყვანა".
ამასთან, ივანიშვილი მიიჩნევს, რომ "რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობების განახლება ნდობის აღდგენის მექანიზმია, თუმცა საქართველოს ხელისულებას რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებაზე მყარი პოზიცია აქვს".
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, "რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს საზარელი კონფლიქტიდან 5 წლის შემდეგაც საქართველოს ტერიტორიის 1/5 ნაწილი მავთულხლართების მიღმა, ოკუპირებული რჩება".
ამავე წერილში ივანიშვილი ქვეყნის ეკონომიკის დარგში დაწყებულ რეფორმებსაც ეხება და მიიჩნევს, რომ "აშკარა პროგრესის მიუხედავად, დღევანდელ მთავრობას ის ადამიანები აკრიტიკებენ, რომლებიც ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პარტნიორები უნდა იყვნენ".
"მოვუწოდებ ჩვენს კრიტიკოსებს, ფაქტებს შეხედონ, ჩვენ მივყვებით პროცესს, რომელსაც მონიტორინგს საერთაშორისო დონეზე უწევენ. ვიწვევთ დამკვირვებლებს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს და ოქტომბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდნენ,"- წერს ბიძინა ივანიშვილი.