საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, "პატიმარ ლევან კორტავას გარდაცვალების გამოძიების საქმეზე პროკურატურამ მაქსიმუმი გააკეთა, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ყველა დეტალი ბოლომდე არის გამოძიებული და ყველა პირი პასუხისგებაში მიცემულია".
მინისტრის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისგან განსხვავებით, ახლა ერთ საქმეზე 8 ადამიანია დაკავებული, რაც ახალი ხელისუფლების მიერ ნებისმიერი დამნაშავის უპირობოდ დასჯაზე მიუთითებს" .
"აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, გეგუთის ციხის დირექტორი და მისი მოადგილეები პატიმრის გარდაცვალებიდან ზუსტად 3-4 დღეში იქნენ გათავისუფლებული სამსახურიდან, ხოლო რამდენიმე დღეში უსაფრთხოებისა და რეჟიმის ხელმძღვანელები. ანუ პირველად მოხდა, როცა მომხდარ დანაშაულზე მოხდა ძალიან სწრაფი და ადეკვატური რეაგირება. დღეისათვის, აკავებულია 8 ადამიანი, ნაწილი თანამშრომლები, ნაწილი პატიმრები. ძიება გრძელდება და თუკი გამოიკვეთება ვინმეს ბრალეულობა, მათ მაშინვე დააკავებენ. ამ 9 წლის განმავლობაში, რაც "ნაციონალური მოძრაობა" მართავდა ქვეყანას, როცა ციხეებში ადამიანის მკვლელობა, წამება ხდებოდა ყოველდღიურად, 8 ადამიანის პასუხისგებაში მიცემა არ მომხდრა ყველა საქმეზე ერთად არასდროს, არათუ ერთ კონკრეტულ საქმეზე. ასე რომ ამ მხრივ, კორტავას საქმეზე პროკურატურამ გააკეთა მაქსიმუმი, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ყველა დეტალი ბოლომდე არის გამოძიებული და ყველა პირი არის პასუხისგებაში მიცემული", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულების გეგუთის 14-ე დაწესებულების პატიმარ ლევან კორტავას გარდაცვალების საქმე გახსნილად 2 აგვისტოს გამოაცხადა.
"გამოძიებით რამდენიმე პირის ბრალეულობა დადასტურდა, რის შედეგადაც სამსახურებრივი გულგრილობის, სასიკვდილო შედეგით დასრულებული, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებისათვის და სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ჩადენისთვის დააკავეს სად-ის მე-14 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი ილია შანშაშვილი; სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდება წარედგინათ სად-ის მე-14 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ გიგა კოხოძესა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ (კონტროლიორ) ალექსანდრე ბაბუნაშვილს, ხოლო საქართველოს სსკ-ის 3691-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ჩადენისთვის - სად-ის მე-14 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ თენგიზ ნასარეიას. ასევე, დაკავებულია ძალადობრივი დანაშაულის ჩამდენი ერთ-ერთი პირი, ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი გიორგი შემაზაშვილი, რომელიც საპატიმრო დაწესებულებიდან 2013 წლის 7 ივნისს გათავისუფლდა. იგივე ბრალდება წარედგინათ დანაშაულის ჩამდენ დანარჩენ პირებსაც - ლაშა კვანტალიანს, შოთა სინაურიძეს, სოლომონ დაშნიანს, გელა უშხვანს, თეიმურაზ გურეშიძეს და ნუგზარ ბუჩუაძეს, რომლებიც ამჟამადაც საპატიმრო დაწესებულებაში არიან,"- ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
ცნობისთვის, სასჯელაღსრულების გეგუთის დაწესებულების პატიმარი ლევან კორტავა მის მიმართ განხორციელებული ძალადობით ქალა-ტვინის დახურული ტრავმის შედეგად განვითარებული ტვინის მკვეთრად გამოხატული შუშუპებისა და დარბილების გამო, 23 მაისს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.