საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის ექს-მინისტრის, სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის ბაჩო ახალაიას განცხადებით, "სამწუხაროდ, მაყურებლები ციხეებში დღეს ნამდვილად არის სისტემური პრობლემა".
ამის შესახებ ახალაიას მიერ გავრცელებულ საგანგებო წერილშია ნათქვამი, რომელსაც "ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ:
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სასჯელაღსრულების სისტემის არცერთ დაწესებულებაში ციხის დირექტორის გარეშე არ არსებობენ მაყურებლები. მაშინ როდესაც, სასჯელაღსრულების მე-14 დაწესებულებაში მაყურებლებისა და ადმინისტრაციის დავალებით მოკლეს ლევან კორტავა, აღნიშნული ციხის დირექტორი იყო მალხაზ სინაურიძე. ერთადეთი მიზეზი, რის გამოც დღეს ეს ადამიანი არ არის პასუხისგებაში მიცემული არის ის, რომ იგი არის ერთადერთი მოწმე ჩემს წინააღმდეგ ე.წ. ქურდების ანუ ბუნტის საქმეში. მნიშვნელოვანია, რომ სინაიურიძემ ბუნტის საქმეში პროკურატურის კარნახით არაერთხელ შეცვალა ჩვენება და სწორედ ეს გახდა გარანტი იმისა, რომ მის მიმართ არ განხორციელდა სისხლისსამართლებრივი დევნა. სამწუხაროდ, მაყურებლები ციხეებში დღეს ნამდვილად არის სისტემური პრობლემა, რაც მომავალში კვლავ გამოიწვევს არაერთ მძიმე შედეგს,"- ნათქვამია ბაჩო ახალაიას წერილში.