საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის დავით კირვალიძის განცხადებით, ე.წ. "ტრაქტორების საქმეზე" ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა მისასლმებელია.
კირვალიძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება წინ გადადგმული ნაბიჯია და მას იმედი აქვს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ტრაქტორების შეძენის საკითხზე მიმდინარე საქმის გამოძიება სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილებით დასრულდება.
"მივესალმებით პროკურატურის მიერ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითზე დღეს გაჟღერებულ ინიციატივას. ეს არის სამარტლიანი გადაწყვეტილება და ნაბიჯი ამ საქმის სამართლიანად და სამართლებრივად გამართულად დასრულებისათვის. დიდი იმედი მაქვს, რომ პროცესები შესაბამისად განვითარდება. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, ბრალდების მხარის ინიციატივა მისასალმებელია,"- განაცხადა დავით კირვალიძემ.
აღნიშნულ საკითხს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პროკურატურასა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის მიმდინარე სასამართლო დავის გადაწყვეტა და საბოლოო განაჩენის გამოცხადება მოსამართლის კომპეტენციაში შედის.
"ტრაქტორების საქმეზე პროკურატურას აქვს თუ არა მყარი მტკიცებულებები, ამას სასამართლო დაადგენს. დღეს მიმდინარეობს პროცესი, სადაც პროკურატურა პატიმრობის სახით აღკვეთის ღონისძიების შედარებით მსუბუქი ზომით შეცვლას ითხოვს. ერთადერთი - ვიცი, რომ პროკურატურამ ამ თემაზე ბევრი იმუშავა. ისიც ვიცი, რომ ისეთმა სახელოვანმა და პროფესიონალმა ადვოკატმა, როგორიც სოსო ბარათაშვილია, ასევე ძალიან ბევრი იმუშავა ამ საკითხზე. ახლა კი, ბოლო სიტყვა მოსამართლეზეა და უნდა დაადგინოს ადვოკატია მართალი თუ პროკურორი,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.