საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერ შალვა ნათელაშვილის განცხადებით, "ქართულ ოცნებაში" კოალიციის დატოვებაზე რიგები დგას, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებამდე, კოალიციის ლიდერთან ვაჭრობა მიმდინარეობს".
ამის შესახებ ნათელაშვილმა დღეს "Georgian Times"-ის პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ "მალე კოალიციას „რესპუბლიკური პარტიაც" დატოვებს და ის საბოლოოდ დაშლება.
"რიგია კოალიციის დატოვებაზე, თუმცა, მანამდე ვაჭრობაა გამართული კოალიციის ლიდერთან. ეს ძირითადად ეხება ფინანსური ინეტერესების დაკმაყოფილებას, რადგანაც ამ ლიდერს არ შეუძლია ვინმეს მისცეს იდეოლოგიური და სულიერი საზრდო. შესაბამისად, ეს ვაჭრობა და უშედეგოდ დამთავრებული გარიგებები თანდათანობით გამოაჩენს კოალიციის ახალ-ახალი დატოვების მსურველებს, როგორც ინდივიდუალური პოლიტიკოსების, ასევე პარტიების სახით. „რესპუბლიკელები" ასევე „სკუპს" გააკეთებენ თავიანთი გადამრჩენის ზურგიდან, როგორც ეს სჩვევიათ. დაშლა გარდაუვლად უწერია კოალიციას. არჩევნებამდე მოხდება თუ არჩევნების შემდეგ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თუ არჩევნებზე ვერ მოახერხა ივანიშვილმა თავისი კანდიდატის გაყვანა, გარდაუვლად 2 - 3 დღეშში კოალიცია დაშილილია. ეს კარგი იქნება, რადგან ახალი საპარლამენტო არჩევნებისათვის საფუძველი შემზადდება. ასეთ შემთხვევაში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გახდება გარდაუვლი. ეს იქნება ძალიან კარგი პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებისთვის" - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია მის მიმართ წაყენებულ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეში დამნაშავედ არ სცნო, კოალიცია "ქართული ოცნება" საქართველოს უმაღლესი საკანონმდელო ორგანოს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, "ხალხის პარტიის" ლიდერმა კობა დავითაშვილმა დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად მან დღევანდელ ხელისუფლებასა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის არსებული კოჰაბიტაცია და ყოფილი ხელისუფლების "ჯალათების" დაუსჯელობა დაასახელა.