"ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი ქართულმა მხარემ სომხეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების სანაცვლოდ გახსნა.
აღნიშნულის ფიქრის საფუძველს სანიკიძეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ნალბანდოვის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება აძლევს იმის თაობაზე, რომ ოფიციალური თბილისი ზემო ლარსის პუნქტის გახსნით ეკონომიკურ სარგებელს არ ელის.
"ალექსანდრე ნალბანდოვმა განაცხადა, რომ დარიალის პუნქტის გახსნისგან ქართული მხარე ეკონომიკურ სარგებელს არ ელის, პოლიტიკურ სარგებელზე კი არაფერი უთქვამს. მაშინ, რატომ გაიხსნა ის, როდესაც რუსეთს ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული? მხოლოდ სომხეთის ინტერესების გამო? თანაც, ამ ტრანზიტ ქვეყანას, ამ შემთხვევაში საქართველოს, ტვირთის გახსნის უფლება არ აქვს. რამდენად მიზანშეწონილია, ტვირთმა ჩვენ ტერიტორიაზე გაიაროს ისე, რომ ქართულმა მხარემ არ იცოდეს, რა სახის ტვირთია ეს, მით უმეტეს, რომ სომხეთში დიდი სამხედრო ბაზაა. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, აღიაროს, რომ ლარსი სომხეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის არაღიარების სანაცვლოდ გახსნა", - განაცხადა სანიკიძემ დღეს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე და აქვე განმარტა, რომ აღნიშნული პუნქტის გახსნით საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მცოცავი ანექსია დაიწო.
ამასთან, "ეროვნული ფორუმის" წარმომადგენლის შეფასებით, დარიალის პუნქტის გახსნის გადაწყვეტილება პოლიტიკური ვაჭრობის შედეგად იქნა მიღებული, რასაც შესაძლოა ყაზბეგის რაიონის ოკუპირებაც მოჰყვეს.
"შესაძლოა, ყაზბეგის რაიონი გასროლის გარეშე აღმოჩნდეს ოკუპირებული და ეს ხელისუფლების უღირსობაზე მეტყველებს. არ შეიძლება, ერთი ხელით ებრძოდე მტერს და მეორეთი ტერიტორიებს აბარებდე. იმედი გვქონდა, რომ ხელისუფლება ამას არ გააკეთებდა, რადგან ეს ანტიქართული ქმედებაა, თუმცა შევცდით", - განმარტა სანიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი, რომელიც რუსეთის გადაწყვეტილებით 3 წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა, დღეს ამოქმედდა.