საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, "მას არ ჰგონია, რაიმე გამართლება ჰქონდეს სუვერენული ტერიტორიის არალეგალურ ოკუპირებას".
ამის შესახებ ნორლანდმა რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის მიერ ტელეკომპანია "Russia Today"-სთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების შეფასებისას გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ "ქვეყნებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის ძირითადი ყურადღების საგანი ჰუმანიტარული ასპექტებია - ის, რომ ადამიანებს ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობა მიეცეთ".
"ამ თემაზე უკვე მრავალი კვლევა ჩატარდა და ანალიზი გაკეთდა. ყველა აღიარებს, რომ შეცდომები ყველა მხრიდან იქნა დაშვებული. არ მგონია, რაიმე გამართლება ჰქონდეს სუვერენული ტერიტორიის არალეგალურ ოკუპირებას. ვმუშაობთ რუსეთთან, საქართველოსთან და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ჩართულნი ვართ მოლაპარაკებებში იმისთვის, რომ საკითხის გონივრული მოგვარების გზა იქნეს მოძებნილი. ჩვენი ყურადღება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისკენ არის მიპყრობილი. მოკლევადიან პერსპექტივაში კი ძირითადი ყურადღების საგანი ჰუმანიტარული ასპექტები გახლავთ, ის რომ ადამიანებს შესაძლებლობა მიეცათ, გადაკვეთონ ადმინისტრაციული საზღვარი. არ მგონია, თანამედროვე სამყაროში ახალი ბერლინის კედლისთვის იყოს ადგილი", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.