"კანონიერი ქურდობა სისხლის სამართლის დანაშაულია და ასეთად უნდა დარჩეს",- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მსჯავრდებულთა ნაწილის იმ მოთხოვნის კომენტირებისას ისაუბრა, რომლის თანახმად, პატიმრები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან 223-ე მუხლის პირველი ნაწილის ამოღებას ითხოვენ.
"ჩემთვის გასაგებია და ძალიან ვწუხვარ იმაზე, რომ ზოგიერთი პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებას ელოდა, თუმცა "კანონიერი ქურდობა" და ქურდულ სამყაროსთან კავშირი სისხლის სამართლის დანაშაულად უნდა დარჩეს. ვინც სასჯელს კანონიერი ქურდობისთვის ან ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის იხდის, უნდა მოიხადოს ის სასჯელი, რომელიც მათ სასამართლომ მიუსაჯა. ეს ინსტიტუტი ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღმოიფხვრას საქართველოში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.